ბოლო პერიოდში, ლომბარდით მოსარგებლე პირები ე.წ კრედიტოფიცრებისგან ან ლომბარდის წარმომადგენლებისგან ხშირად ზარალდებიან.
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატი ანა გორდეზიანი იმ შემთხვევებზე საუბრობს, როცა ლომბარდით მოსარგებლე პირების ან თავდებში მდგომი ადამიანების უფლებები ირღვევა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ლომბარდის ტიპის დაწესებულებების თემატიკასთან დაკავშირებით, იურიდიულ კომპანიაში ყოველდღიურად, ათეულობით ზარი შედის. მისივე თქმით, შეკითხვები უმეტესად ავტოლომბარდების სამუშაო სპეციფიკასა და მათ უფლებებს ეხება.
ადვოკატის ინფორმაციით, ისეთი შემთხვევების დროს, როცა ლომბარდით მოსარგებლე ადამიანები ან თავდებში მდგომი პირები თანხის დაფარვას ვერ ახერხებენ, ე.წ კრედიტოფიცრები ხშირად კანონდარღვევით მოქმედებენ და მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე, ნივთის რეალიზაციას ახდენენ.
„სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე ორი კვირით ადრე წერილობით ფორმით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები. კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება, არ გაუგზავნოს მოვალეს შეტყობინება, თუ პროდუქტი მალფუჭებადია ან თუ დაყოვნების შედეგად, შეიძლება საბაზრო ღირებულება შემცირდეს. თუმცა, პრაქტიკაში, როგორც წესი, ნივთის დაუყოვნებლივი რეალიზაციის აუცილებლობის შემთხვევები ძალიან მცირეა.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მუხლით, კანონმდებელი გარკვეულწილად, იცავს მოვალის ინტერესებს და კრედიტორს ავალდებულებს, ნივთის რეალიზაციამდე დამგირავებელს დამატებით განუსაზღვროს ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რათა მოვალემ შეძლოს ფულადი ვალდებულების შესრულება. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირობები ირღვევა, მოქალაქეს, არაინფორმირებულობის გამო, უმძიმდება მდგომარეობა და ხდება მისი ნივთის რეალიზაცია,“-აღნიშნა გორდეზიანმა.
ანა გორდეზიანი ლომბარდის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი ცნობით, კრედიტოფიცრები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტორს, რომ შესაძლოა, დაგირავებული ნივთი მოვალისთვის ძალიან ძვირფასი იყოს. შესაბამისად, სავსებით რეალურია, დამატებით, ორი კვირის ფარგლებში, მოქალაქემ შეძლოს სესხის დასაფარად საჭირო სახსრების მოძიება და ნივთის რეალიზაციის პროცესის თავიდან არიდება.
„ძალიან ხშირად, სატელეფონო კონსულტაციების ფარგლებში, მოგვმართავენ კითხვით, მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქვს თუ არა ე.წ ამოღების სამსახურს (როგორც თავად უწოდებენ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი შპს-ები, ან ლომბარდის კრედიტოფიცრები), მათ ან მათი თავდები პირის საცხოვრებელ ადგილას უნებართვოდ შეჭრის, ნივთების დაყადაღების ან ფართიდან გატანის. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, ის გარემოება, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციები კერძოს სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც პრობლემური სესხების მართვას ბანკთან ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებენ. ამდენად, ამ ტიპის ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორცილების უფლებამოსილება არ აქვთ დელეგირებული. შესაბამისად, სასამართლო განჩინების არარსებობის პირობებში, მათ მიერ კერძო საკუთრებაში უნებართვო შეჭრა და მით უფრო, ნივთების დაუფლება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს ვურჩევ, შსს-ს (პოლიციას) მიაწოდონ ინფორმაცია“, – განაცხადა გორდეზიანმა.
მისივე თქმით, პრობლემად ითვლება ნივთის შეფასების კრიტერიუმებიც, რომელიც ხშირად, ექსპერტის შეფასების გარეშე ლომბარდის წარმომადგენელთა მიერ ფასდება.
„იშვიათად თუ შეხვდებით ლომბარდებს, რომელიც ნივთის შეფასებას ახორციელებენ ექსპერტის (სპეციალისტის) მეშვეობით. როგორც წესი, კრედიტორები პირადი შეხედულებით ახდენენ ნივთის, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების შეფასებასა და ღირებულების დადგენას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მანქანის რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას. აღნიშნულს განაპირობებს კრედიტორის იმპერატიული მოთხოვნა, რაც საბოლოოდ, აზარალებს დამგირავებელს, თუმცა მას არ გააჩნია ალტერნატივა, იმდენად, რამდენადაც ხელშეკრულების პირობებზე პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში, კრედიტორი უარს იტყვის სესხის გაცემაზე.
პრობლემის აღმოფხვრა კანონმდებლობაში შესაბამისი დათქმის დამატებით გახდება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის რეალიზაციის პროცედურების (მათ შორის ორი კვირით ადრე წერილობითი გაფრთხილების გაგზავნის) დარღვევისათვის საჯარიმო სანქციები საკანონმდებლო დონეზე დაწესდება, ორგანიზაციები, რომლებიც დომინანტური მდგომარეობით სარგებლობენ, მომხმარებელთა უფლებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ კრედიტორების მხრიდან კანონის დარღვევას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ მოქალაქეები თავს იკავებენ სასამართლოში დავის წარმოების ფარგლებში სახელმწიფო ბაჟისა და სხვა დანახარჯების გაღებისაგან“, – განაცხადა ადვოკატმა.