რატომ ამოიღეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ბაგრატის ტაძარი - მინისტრის განმარტება

"ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, გამოუსწორებელი ჩარევის შედეგად, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს განხორციელდა"

გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა. ამის შესახებ პოლონეთში, კრაკოვში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძარი ოფიციალურად არის ამოღებული იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან.

როგორც ცნობილია, გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს.

2013 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, გაითვალისწინა გელათის კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიზნით გაწეული სამუშაოები, მიიღო გადაწყვეტილება (37 COM 7A.32), რითაც საქართველოს ბაგრატის და გელათის საზღვრების მოდიფიკაცია დაევალა, რათა გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით დაბრუნების შესაძლებლობა შექმნილიყო.

რატომ ამოიღეს ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან, რას აპირებს ამ მხრივ კულტურის სამინისტრო და სოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების დეტალებზე, kvirispalitra.ge კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ესაუბრა.

- დღეს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მიიღო ყველასთვის სასიხარულო გადაწყვეტილება, კერძოდ ის, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი დაუბრუნდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას, ის დაბრუნდა დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით და არ გადაყვა ბაგრატის საკათედრო ტაძარს. სახელმწიფოს ძალისხმევა სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რადგან როგორც იცით, გელათის სამონასტრი კომპლექსი ბაგრატის ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ერთ ნომინაციაში იყო წარმოდგენილი, როდესაც იუნესკომ დაადგინა, რომ გამოუსწორებელი ჩარევის შედეგად, ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და ჯერ კიდევ 2010 წლიდან არის ცნობილი, რომ მას სამწუხაროდ შანსი აღარ აქვს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩენის. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ პირველ რიგში, დაგვერწმუნებინა იუნესკო, რომ შესაძლებელია საზღვრების მოდიფიკაცია, ანუ ამ ორი ძეგლის განცალკევება და ამის შემდეგ იმაში, რომ გელათი ნამდვილად ღირსია დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით შევიდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. დღეს ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ძირითად ნუსხაში დაბრუნების გრძელი და რთული გზა დასრულდა.

- გამოდის, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან უკვე ოფიციალურად არის ამოღებული...

- დიახ, ორი წელია ამაზე ვსაუბრობ, რომ როგორც კი გელათი დაბრუნდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ავტომატურად ნიშნავდა ბაგრატის ამორიცხვას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვასრულებთ ბაგრატის ისტორიას იუნესკოს კონტექსტში. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, ისე იუნესკოს ექსპერტებთან, რომ ვიწყებთ ახალ ნომინაციაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციას, რომლის ფარგლებში ერთ-ერთ კომპონენტად ისევ მოვიაზრებთ ბაგრატს, რათა თავისი რეპრეზენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის კონტესტში მან არ დაკარგოს და ლანდშაფტური ისტორიული ზონის ნაწილად მაინც იყოს წარმოდგენილი. იხილეთ გაგრძელება