მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14% (55.7 მილიონი დოლარი) მშენებლობის სექტორში განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ი ავრცელებს.
ინვესტიციების მოცულობით, სამშენებლო სექტორი სიდიდით მეოთხე ადგილზეა ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის (35%, 141.1 მილიონი დოლარი), უძრავი ქონებით ოპერაციების (20%, 80.3 მილიონი დოლარი) და საფინანსო სექტორის (20%, 79.6 მილიონი დოლარი) შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში მნიშვნელოვნად, 188%-ით (36.4 მილიონი დოლარი), არის გაზრდილი.
2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.8 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი.