საქართველოსა და ქუვეითს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება

საქართველოსა და ქუვეითს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება.

დღეს, თბილისის დროით 16:40 საათზე, ელ ქუვეითიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-ის პირველი რეისი.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, Wataniya Airways რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს, შესაბამისი ნებართვა კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ა.წ. 30 ივნისს გასცა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის პირველი რეისით თბილისს ეწვევიან Wataniya Airways-ის დამფუძნებელი და მფლობელი რაკან ელ ტავაიჯრი და ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების 70 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე არიან ავიაკომპანიისა და სხვა მსხვილი ბიზნესის მმართველები: DR.HAMAD ALTUWAJRY, MR. RAKAN ALTUWAJRY, WATANIYA AIRWAYS-ის ბორდის წევრები: MR. RIYADH ALSAEED დაMR. FOUZI ALATEEQI.

დელეგაცია ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებასა და პრესკონფერენციას გამართავს.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები.

ღონისძიებას ქუვეითის მხრიდან ლანა ალ რეშიდი (საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი), საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში როლანდ ბერიძე და საქართველოში Wataniya Airways-ის გენერალური კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველი“ გახსნიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა.