ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია და მისი ოდენობა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ვითარება მძიმეა, მაგრამ ხელისუფლება კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს.
„სამწუხარო ფაქტია, თანავუგრძნობთ დაზარალებულებს. მადლობა სამაშველო სამსახურს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომ ლიკვიდირება, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში. სულ ხანძრის ჩაქრობისას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები. სამწუხაროა, რომ არც ერთ მეპატრონს არ ჰქონია დაზღვეული საკუთარი პროდუქტი. გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი. მოვუწოდებ დაზარალებულებს, მეპატრონეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, არ გამოიყენონ დაზარალებულების ემოციური ფონი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ასევე შევხვდით საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და ისინი მზად არიან, გაითვალისწინონ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობა“, - აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.
ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გუშინ დილით გაჩნდა. ცეცხლი 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, სადაც 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. განადგურებული მაღაზიების მეპატრონეებს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. მოვაჭრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.