უკანონო სახერხი საამქროები და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ხუთი ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო სახერხი საამქროები და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოვლინდა. ამოღებულია 5 უკანონო სახერხი დანადგარი, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და მრგვალი მორი.

გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.