აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, კომპანია ”ვისოლმა” საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური შემატა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების მძღოლები თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე უფასოდ შეძლებენ საკუთარი ავტომობილის გამართვას.
ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგურის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.
ღონისძიებაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია Test Drive-იც გაიმართა ელექტრომობილთა მძღოლების კლუბის - Nissan Loaf Club Georgia-სა და „ავტობილდის“ ხელმძღვანელობით.
ზაფხულის დასასრულამდე ”ვისოლი” ელექტრომობილების დამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს გახსნის გორში და მომავალში ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს.
ცნობისთვის, „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით განავითარებს, ხოლო „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას.