სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ბაზარზე არსებული სუნელების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასაკმარისია. ამის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (momxmarebeli.ge) განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სეს-ი ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ კანონის მოთხოვნას არ ასრულებს. ცენტრი სეს-ს მოუწოდებს, საქართველოს ბაზარზე განთავსებული სუნელების შემოწმების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს.
„ბიზნესპრესნიუსი“ momxmarebeli.ge-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 7 ივლისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ბაზარზე განთავსებული სუნელების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა 4 ნიმუშში გამოვლინდა, რომელთა სახელწოდებებიც ჩამოთვლილია: წითელი წიწაკა, მშრალი აჯიკა, სუნელი. ასევე, ნათქვამია, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს.
„ზემოაღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არასაკმარისია იმისათვის, რომ მომხმარებლები დაცული იყვნენ მავნე სუნელების მოხმარებისაგან, ვინაიდან არ არის მითითებული სუნელების მწარმოებელი ბიზნესოპერატორების სახელწოდებები და სხვა მონაცემები, რაც მავნე პროდუქციის იდენტიფიკაციას გახდის შესაძლებელს. მანამ, სანამ სააგენტო მავნე პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას უზრუნველყოფს, აუცილებელია რომ მომხმარებლებსა და მეწარმეებს ამ პროდუქციის თაობაზე საკმარისი ინფორმაცია მიეწოდოთ, იმისათვის, რათა მოვაჭრეებმა არ დაუშვან მავნე სუნელების გაყიდვა, მომხმარებლებმა თავი შეიკავონ მათი შეძენისაგან, ან შეძენილი პროდუქციის მოხმარებისაგან, ხოლო იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მოიხმარეს აღნიშნული პროდუქცია, მიმართონ ექიმს.
ამგვარად, სააგენტო არ ასრულებს ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ კანონის მოთხოვნას.
სააგენტოს განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ „2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სეს-მა შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში“.
თუმცა, სააგენტოს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან არ ჩანს, 2015 წელს მის მიერ გამოვლენილი დარღვევის თაობაზე თუ მოხდა ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, ან რატომ არ გაავრცელა სააგენტომ ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტისაგან მიღებული ინფორმაცია.
სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს არაერთხელ გამოუხატავს თავისი მხარდაჭერა აღნიშნული რეფომებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვთვლით, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სათანადოდ არ ხდება, რაზეც მოცემული ფაქტიც მეტყველებს. ეს ჩრდილს აყენებს სააგენტოსადმი მოქალაქეთა ნდობას, რაც უმნიშვნელოვანესია სურსათის უვნებლობის მიმართულებით წარმოებული რეფორმების წარმატებისათვის.
მოვუწოდებთ სააგენტოს: საქართველოს ბაზარზე განთავსებული სუნელების შემოწმების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს. კერძოდ, მიუთითოს, სულ მცირე, იმ მწარმოებლების სახელწოდებები, რომელთა პროდუქციაშიც ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა. აგრეთვე, მიუთითოს მის ხელთ არსებული დამატებითი მონაცემები, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მავნე სუნელების იდენტიფიცირება მოახდინონ. გადახედოს მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების, ასევე, შესაბამის შემთხვევებში, სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას და იგი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მოქალაქეთა ინტერესებთან,“- ნათქვამია განცხადებაში.