საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შპს „გრინვილი“ ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას იწყებს , - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ცნობით, საწარმო 2017 წლის ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება და მუშაობას დაიწყებს.
„შპს „გრინვილი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 20-მდე ადამიანს დაასაქმებს. შპს „გრინვილი“ თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის #13-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 460 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.