"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აუქციონზე ვერ გაიყიდა

სს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აუქციონზე ვერ გაიყიდა. ქონება აუქციონზე ერთიანი კომპლექსის სახით იყიდებოდა. კომპანია აუქციონზე გასაყიდად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა.

აუქციონის მიხედვით, ქონება 54 559 000 ლარად არის შეფასებული, თუმცა, აუქციონზე მისი საწყისი ფასი 27 279 500 ლარი იყო; ვაჭრობის ბიჯი - 545 590; ხოლო საგარანტიო თანხა - 2 727 950 ლარი. აუქციონი 3 ივლისს გამოცხადდა და დღეს დასრულდა.

ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2003 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან კი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რაც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპემა“ შეიძინა.

თუმცა, ,,ახემა-გრუპის“ მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, 2011 წელს მის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა. როგორც კომპანიის გვერდზეა მითითებული, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს. დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.

ლიკა ამირაშვილი