საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა.
გაძვირების ტენდენცია 25 ივნისიდან დაიწყო და დღემდე ნარჩუნდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ ეტაპზე 1 ბუშელი ხორბალი 5,40 დოლარი ღირს, რაც ყველაზე მაღალი ფასია 2015 წლის ივნისის შემდეგ. საფასო ცვლილება უკავშირდება უამინდობას, რის გამოც უცხოურ ბირჟებზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაირღვა.
ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ნათესების მდგომარეობის გაუარესება ივარაუდა. შესაბამისად, რბილი ხორბლის ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 2,02 დოლარით გაძვირდა და ტონაზე 173,61 დოლარი შეადგინა, მინეაპოლისზე კი მყარი ხორბლის ფასმა 6,16 დოლარით - 241,13 დოლარამდე მოიმატა, რითაც ბოლო 2 წლის რეკორდი მოიხსნა.
ხანგრძლივი სიცხისა და გვალვის გამო გაურკვეველია კიდევ ერთი უმსხვილესი მწარმოებლის -საფრანგეთის ხორბლის მოსავლის ბედი. შარშანდლისგან განსხვავებით, უხვ მოსავალს არც რუსეთში მიიღებენ, რომელიც საქართველოში მარცვლეულის ძირითადი იმპორტიორია. მიზეზი უჩვეულო სიცივე და სეტყვაა. როგორც რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვარაუდობს, მისი მოცულობა 100 მლნ ტონაზე ნაკლები იქნება.
საერთაშორისო ბაზრებზე ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, ქართველი მეხორბლეები მდგომარეობის გაუარესებას არ ელოდებიან. მეხორბლეთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ვითარება უცხოურ ბაზრებზეც მალე დარეგულირდება და ფასიც დასტაბილურდება.
"უამინდობით გამოწვეული ცუდი პირობებია აშშ-ში, რის გამოც გაიზარდა ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე და ევროპაშიც. ამ მხრივ უარყოფითი გავლენა მოახდინა იმანაც, რომ შეჩერდა მოსავლის აღება საფრანგეთში, სადაც გადაუღებლად წვიმდა, პარიზიც კი დაიტბორა და მოსავლის აღება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ამან მიწოდების პრობლემა შეუქმნა ბირჟებს. მოსავლის აღება 3-4 კვირით დააგვიანა რუსეთმა, მიზეზი აქაც უამინდობა გახდა. მთლიანობაში, პროცესი შეფერხდა და სპეკულაციაც დაიწყო.
ახლა სტაბილური სიტუაციაა, რუსეთშიც უკვე დაიწყო ხორბლის მკა. მსოფლიოს მასშტაბით, მოსალოდნელი იყო მარაგის შემცირება, მაგრამ იმდენად დიდი იყო შარშანდელი მოსავალი, რომ წლევანდელ კლებას დიდად არ უმოქმედია.
2016 წელს რუსეთში ხორბლის მოსავალმა 120 მლნ ტონა შეადგინა, რაც რეკორდი იყო. წელს 10 მლნ ტონით შემცირდება, რაც პრობლემას არ წარმოშობს, ყველაფერი მალე კალაპოტში ჩადგება", -აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა და დასძენს, რომ პრობლემა რუსეთს თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაფუჭების გამოც შეექმნა.
"თურქეთი რუსული ხორბლის ძირითადი იმპორტიორია. მართალია, აღმოიფხვრა სავაჭრო ურთიერთობაში არსებული პრობლემა, მაგრამ ის მარაგი, რაც თურქეთში უნდა გაეტანათ, წლევანდელ მოსავალს დაემატება", - დასძინა მან.
რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციის გავლენას ქართულ ბაზარზე, სილაგავა ვარაუდობს, რომ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და ხორბლის ფასი შენარჩუნდება. პურის ფასის ცვლილება კი მინიმალურ დონეზეც არ იგეგმება.
"კახეთში ხორბლის აღების სეზონი დაიწყო დაახლოებით 2 კვირის წინ და პირველი მოსავალი უკვე ჩავიბარეთ. წელს ფასი 40-45 თეთრის ფარგლებშია, შარშან უფრო დაბალი იყო. მიმაჩნია, რომ სეზონის დასაწყისისთვის ნორმალური შეთავაზებაა, მით უმეტეს, რომ რუსეთს სასტარტო ფასი ჯერ არ გამოუცხადებია. ჩვენი ბაზარი ძირითადად რუსეთზეა მიბმული. აქედან გამომდინარე, სერიოზულ ცვლილებას არ ველოდებით. პირიქით, ვფიქრობთ, რომ ვითარება უცხოურ ბაზრებზეც გამოსწორდება.
რაც შეეხება პურის ფასს, მეპურეებს უკვე ცალკე კალკულაცია აქვთ, სხვა ხარჯია ტარიფების ჩათვლით. თუ გაზი გაძვირდება, შესაძლოა, ცვლილება პურის ფასზეც აისახოს, მაგრამ ფქვილის გამო პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგავამ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში უამინდობა იყო საქართველოშიც, თუმცა ხორბლის ნათესები არ გაუნადგურებია. როგორც "ჯიბისის" ფერმერმა ზურაბ თეთვაძემ განუცხადა, ხშირად წვიმისა და სეტყვის მიუხედავად, რაიონში მარცვლეულის ნათესები წესრიგშია.
"ძალიან ძნელია ზუსტად ივარაუდო, რამდენია საპროგნოზო მოსავალი, ვიდრე კომბაინს ყანაში არ შეიყვან, მაგრამ ნორმალური მოცულობა იქნება. შარშანდელზე ნაკლებს არ ავიღებთ", - აღნიშნა ფერმერმა.
დადებითი ინფორმაცია ვრცელდება გარდაბნის რაიონიდანაც. სოსო ოქრუაშვილი, რომელიც წლებია, სართიჭალაში 1200 ჰა-ზე ხორბალს, სიმინდს, ქერსა და სხვა მარცვლეულს აწარმოებს, კარგ მოსავალს ელოდება.
"ჯერჯერობით ხორბლის აღება მასშტაბურად არ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მყიდველები გლეხებს 1 კგ-ში 40 თეთრს სთავაზობენ. ამ დროს საწვავი ლარის გაუფასურებს გამო გაძვირებულია, ისევე, როგორც შხამქიმიკატები", - აღნიშნავს სოსო ოქრუაშვილი.
განსხვავებულად ფიქრობს ფერმერი ზურაბ თეთვაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ 40 თეთრი მისაღები ფასია. "შარშან 35 თეთრი ღირდა, სეზონის დასაწყისისთვის ფასი ყოველთვის დაბალია, ზამთარში ზევით იწევს ხოლმე, ისევე როგორც შარშან, როცა 50 თეთრს მიაღწია. მერე ისევ ქვევით წამოვიდა და 45 თეთრზე დასტაბილურდა. ჩვენ მაინც ხორბლის მსოფლიო ფასებზე ვართ დამოკიდებული", - განაცხადა ფერმერმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"