ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა მოლოდინები აქვს ენერგეტიკის სამინისტროს ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებაში.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტროს მოლოდინები მნიშვნელოვანი არ არის.
„არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე ითვლის ტარიფებს. ის არის თავის მოქმედებებში სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება“, - განაცხადა ელოშვილმა.
გაზის ახალი ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში - 17 და 18 ივლისს გახდება ცნობილი. როგორც “ინტერპრესნიუსს" სემეკიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 18 ივლისს კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.