90-იან წლების დასაწყისში, ჩვენი ეკონომიკა ფაქტობრივად მოშლილი იყო - სამომხმარებლო პროდუქტებსა და პურზე ფასები ასტრონომიულად იზრდებოდა, დაიწყო ინფლაცია, რომელმაც 1994 წელს 7 741%-ს მიაღწია…
ადამიანები უშუქობისა და უგაზობის პირისპირ აღმოჩნდნენ...
ამ უმძიმეს ვითარებაში ხალხმა ბრძოლა დაიწყო გადარჩენისთვის - ზოგმა მცირე ბიზნესიც წამოიწყო, რომელსაც მაშინ ბევრი წვრილ ბიზნესად მოიხსენიებდა.
თანდათან ბაზარზე გაჩნდნენ ბანკები, ფარმაცევტული და სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები. 90-იანი წლების სირთულეს ყველამ ვერ გაუძლო - ბევრი გაკოტრდა, ზოგმაც კი საქმიანობა შეაჩერა. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც - კომპანიები, რომლებმაც ყველა სირთულე გადალახეს და დღეს თავიანთ სფეროში ლიდერი პოზიციები უჭირავთ - ჰყავთ ათასობით დასაქმებული და წარმატებულად განაგრძობენ საქმიანობას.
გთავაზობთ 5 კომპანიას, რომელთაც 90-იან წლებში აიდგეს ფეხი და მაშინდელი გარემო ფაქტორების მიუხედავად, ბაზარზე ლიდერის პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ.
თიბისი ბანკი
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, საქრთველოში, 300 ბანკზე მეტი იყო. ამ ბანკებიდან ერთეულები გადარჩნენ. ერთ-ერთი მათგანი თიბისი ბანკია, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა. ბანკის დაფუძნება ორმა მეგობარმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეს. ახალბედა ბიზნესმენების საწყისი კაპიტალი 500 დოლარი იყო...დღეს თიბისი ბანკი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. 2016 წელს ბანკი წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში. „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია. ბანკის თანამშრომელთა რაოდენობა 6 282-ს აღწევს, სერვისცენტრებისა და ფილიალების რაოდენობა კი 152-ია.
„ნიკორა“
200-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი საქართველოს მასშტაბით, 4 000-მდე თანამშრომელი, საკუთარი წარმოების 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, 10 სხვადასხვა მიმართულების ბრენდი - ასეთია 1998 წელს დაარსებული „ნიკორას“ მცირე მეწარმეობით დაწყებული ბიზნესის დღევანდელი მონაგარი.ერთი მცირე საწარმოთი წამოწყებული საქმიანობა წლების განმავლობაში დიდ ბიზნესად იქცა, რომელიც ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, თევზეულს, რძის ნაწარმს, ნაყინს, პურ-ფუნთუშეულს, სალათებს, ღვინის საწარმოებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს.
„1998 წელს, როდესაც „ნიკორა“ ბაზარზე გამოჩნდა, დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, არც კი იყო იმის შეგრძნება, რომ კომპანია ამხელა მასშტაბებს მიაღწევდა... თავიდან ხორცპროდუქტების დამზადების პროცესი მიმდინარეობდა საბჭოთა ტიპის საწარმოში - ძველი დანადგარებით. თუმცა, 2000 წლის ბოლოს, მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება - ჩამოვიტანეთ თანამედროვე ავსტრიული და გერმანული დანადგარები, რამაც კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი.
სოსისების პირველი პარტია რომ გამოვუშვით, მისი განსხვავებული შეფუთვის გამო, დისტრიბუტორებმა უარი განაცხადეს პროდუქციის ქსელში გატანაზე. მოგვიწია, რომ პირველი რამდენიმე პარტია სოსისი საკუთარი კერძო ავტომობილით ჩამოგვერიგებინა და თითოეული სავაჭრო ობიექტის მფლობელისაგან პირადად აგვეღო მისი დახლებზე განთავსების ნებართვა,“ - ჰყვებიან „ნიკორას“ მესვეურები სხვადასხვა მედია არხებისათვის მიცემულ ინტერვიუებში.
ავერსი
ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ბიზნესში პედიატრობიდან მოვიდა. პროფესიით ექიმი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ბიზნესმენი იქნებოდა.
„1994 წელს, მე-6 კურსზე რომ ვიყავი, კლინიკაში ოპერაციებს ვესწრებოდი, ყველაფერი პაციენტს უნდა მოეტანა - იქნებოდა ეს მედიკამენტები თუ შესახვევი მასალები. თვითონ კლინიკას არ ჰქონდა, რადგან მოშლილი იყო ცენტრალური მომარაგება. მაშინ გამიჩნდა იდეა, მოსკოვიდან ან კიევიდან შესახვევი მასალები და მედიკამენტები ჩამომეტანა და კლინიკისთვის შემეთავაზებინა, თუმცა კლინიკის მთავარმა ექიმმა უარი თქვა - ამის არც ფინანსები მაქვს, მაგრამ ფართს გამოგიყოფ და კლინიკაში გახსენი აფთიაქი - ამით პაციენტებიც და მათი პატრონებიც ძალიან კმაყოფილი იქნებიანო. ასე მოულოდნელად გადავწყვიტე აფთიაქის გახსნა. პირველად აფთიაქში 16 დასახელების მედიკამენტი იყო: ამპიცილინი, პენიცილინი, სტრეპტომიცინი“, - იხსენებს პაატა კურტანიძე.
გასულ წელს „ავერსმა“ 22 წლის იუბილე აღნიშნა. დღეს სააფთიაქო ქსელი 232 ობიექტს აერთიანებს. 2005 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი რაციონალმა“, 2007 წლიდან კი „ავერსის“ კლინიკათა ქსელმა.
„კოკა-კოლა“
თემურ ჭყონია თავის წარმატებას ბიზნესში გამართლებას მიაწერს. „კოკა-კოლას“ ისტორია მართლაც იღბლიანი შემთხვევით დაიწყო - თემურ ჭყონიამ საქართველოში „კოკა-კოლას“ ჩამოსხმის სურვილის შესახებ თავად „კოკა-კოლას“ პრეზიდენტს დონალდ ქიუს მიწერა. ორ კვირაში „კოკა-კოლას“ წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ.„ქვეყანაში 90-იანი წლები დადგა. წლები, როცა ბიზნესის წარმოება კი არა, მოსახლეობას თვითგადარჩენისთვის უწევდა ყოველდღიური ზრუნვა. მაგრამ ხანდახან გამოუცდელობამ და უცოდინრობამ შეიძლება უფრო დიდი წარმატება მოუტანოს ადამიანს, ვიდრე ცოდნამ და გამოცდილებამ“, - იხსენებს თემურ ჭყონია.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პორტფელში დღესდღეობით ისეთი ბრენდებია, როგორებიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Light, Coca-Cola Zero, Fanta, Fanta Tropic, Sprite, Schweppes, BonAqua, Burn, Fuze Tea, Cappy.
„ჯეოსელი“
1997 წლის დასაწყისში „ჯეოსელის“ მეშვეობით საქართველოში პირველი მობილური ზარი განხორციელდა. მაშინდელ საქართველოში ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო, რომ ქვეყანაში გლობალური, პოზიტიური ცვლილებები იწყებოდა. კომპანიის დამფუძნებლები თურქული და ქართული მხარეები იყვნენ. დღეისთვის „ჯეოსელის“ აბონენტთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს, დაფარვის ზონა კი საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს.