თბილისის მერია სუს-ის მიერ ოთარ აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მისი თანამშრომლის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოთარ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში.

”გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში.

ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებებისა და კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება შესაბამისი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან.

მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს”, - ნათქვამია განცხადებაში.