მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 1 აგვისტოდან დღემდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 6,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 82 400-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში - 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.
მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროგრამა 2017 წლის ბოლომდე გრძელდება.
ამასთან, საჯარო რეესტრის მარტის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.