რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში აშენდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით , საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.
კომპანია წარმოების დაწყებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 342 400 ლარის ინვესტირებას აპირებს. ახალ საწარმოში თავდაპირველად 14 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ნედლი რძე“-ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე 2 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.
”სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 657, 63 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11, 634 ადამიანი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.