პეკინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებს შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირდათ

თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო.

საგზაო სამუშაოები იქ დღემდე მიმდინარეობს, შეცვლილია ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. კვლევების მიხედვით, პეკინის ქუჩა კომერციული თვალსაზრისით ყველაზე პერსპექტიული ადგილია, მაგრამ გზის რეაბილიტაციამ სიტუაცია შეცვალა - მაღაზიები შემოსავლის შემცირებაზე საუბრობენ.

მაღაზია „პატნოსეს“ მენეჯერი შორენა ლომიძე აცხადებს, რომ ამ ერთ თვეში კლიენტების რაოდენობა აშკარად შემცირდა.

bpn

„ქალის ტანსაცმელს ვყიდით. ეს ყველაზე მოთხოვნადი სამოსია და კლიენტურა ყოველთვის გვყავს, თუმცა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შემოსავალი ძალიან შეგვიმცირდა. ყველაზე მეტად კი, პარკინგის გაუქმებამ დაგვაზარალა. მთელი დღის განმავლობაში აჩერებდნენ მანქანებს და მუდმივი კლიენტების გარდა ჩვენს პროდუქციას შემთხვევით შემოსული ხალხიც ყიდულობდა. ცუდი იქნება, თუ პეკინის ქუჩაზე მანქანების პარკირებას გააუქმებენ“, - აღნიშნავს შორენა ლომიძე.

კლიენტურის შემცირებაზე საუბრობს საბავშვო სამოსის მაღაზია „გარფილდის“ მენეჯერი ნათია ქადაგიძეც.

„გზის რეაბილიტაციამ ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაზე ძალიან იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ევროპის ქვეყნებისთვის შეკერილი ნაწარმი იყიდება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეალიზაცია ძალიან შემცირდა. ძირითადად მუდმივი კლიენტები შემოდიან, მაგრამ მხოლოდ მათ იმედზე ვერ ვიქნებით“, - ამბობს „გარფილდის“ მენეჯერი.

reclamaპროდუქციის რეალიზაცია პეკინის ქუჩაზე არსებულ დიდ სუპერმარკეტებშიც შემცირდა. მათ შორისაა სუპერმარკეტების ჰოლანდიური ბრენდი „სპარი“. როგორც „სპარის“ კონსულტანტებმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, სუპერმარკეტის წინ ბევრი ადამიანი აჩერებდა მანქანას, შემოდიოდნენ, ყიდულობდნენ მინერალურ წყალს, სურსათს, სიგარეტს, რაც გზის შეკეთება დაიწყო, ასეთი კლიენტები ფაქტობრივად აღარ ჰყავთ.

ანალოგიური პრობლემები აქვთ „ჯიპისის“ აფთიაქშიც, რომელიც ამ ქუჩაზე მდებარეობს. აფთიაქის ფარმაცევტმა ინგა ისრაელიანმა გვითხრა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ აფთიაქის შემოსავალმა საგრძნობლად იკლო:

„აქვე, ჩვენს აფთიაქთან პარკინგის ადგილი იყო, ეს კი, ნებისმიერი მაღაზიისთვის და აფთიაქისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. ამიტომ, ყველა ველოდებით 15 სექტემბერს, როცა სამუშაოები დასრულდება და გზა გაიხსნება“, - აცხადებს ინგა ისრაელიანი.

ბუნებრივია, ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად მცირე ბიზნესის წარმომადგენლები დაზარალდნენ. ჩვენ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის ერთ-ერთ მფლობელს გავესაუბრეთ.

bpn

„პეკინზე და მის მიმდებარე ქუჩებზე ტანსაცმლის მაღაზიის მუშაობა ორმაგად რთულია, რადგან აქ ძალიან ბევრი ცნობილი ფირმის მაღაზიაა. ნაწილი ძვირადღირებულ პროდუქციას ყიდის, ხოლო ნაწილი - შედარებით ხელსაყრელი ფასებით მუშაობს. ჩვენ, ჩვენი მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაბალფასიან სეგმენტს ვეკუთვნით, ამიტომ მუდმივი კლიენტები ისევ გვყავს. როგორც ვმუშაობდით ისევ ისე ვმუშაობთ, თუმცა ხალხი ჩვენთანაც ძალიან შემცირდა. ასეთი კრიზისი მარტო აგვისტოში გვაქვს ხოლმე, როცა ქალაქი დაცლილია და ყველა დასასვენებლად მიდის, თუმცა ამ სიტუაციას ყველა გაგებით ეკიდება: კარგი საქმე კეთდება - მთელი საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, ამიტომ, როგორმე უნდა გავუძლოთ. მთავარია, პარკირების ადგილები დატოვონ, რადგან ეს პეკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის მნიშვნელოვანია“, - გვითხრეს მაღაზიაში.

ხათუნა ჩიგოგიძე