იელენის გამოსვლას დოლარის ინდექსის შემცირება მოჰყვა

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონგრესის ფინანსური კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს პრეზიდენტმა ჯანეტ იელენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფედრეზერვი კვლავ გააგრძელებს დოლარის საპროცენტო განაკვეთის აწევას

და დაიწყებს სახაზინო ობლიგაციების გაყიდვას, დოლარის ინდექსი მაინც ოდნავ გაიზარდა. თუმცა მოგვიანებით, კანადური ცენტრალური ბანკის მიერ ქვეყნის ვალუტაზე საპროცენტო განაკვეთის აწევას (რაც 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა), ამერიკული ვალუტის ინდექსის კლება მოჰყვა. კანადური დოლარის კურსმა ამერიკულთან მიმართებაში, ბოლო 13 თვის მაქსიმუმს მიაღწია.

იელენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, რაც დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევის საშუალებას იძლევა. ოღონდ, დაბალი ინფლაცია კვლავაც რჩება მთავარ დაბრკოლებად.

კონგრესში იელენის გამოსვლის შემდეგ, დოლარის ინდექსი, რომელიც სხვა ძირითადი ვალუტების კალათასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო მდგომარეობას ასახავს, ოდნავ გაიზარდა. თუ წინა დღეს, ინდექსის მაჩვენებელი 95.511 დონეზე იყო, იელენის გამოსვლის შემდეგ, ის 95.758-მდე გაიზარდა. კანადური ბანკის ქმედების შემდეგ კი კვლავ შემცირდა და ამჟამად 95.60 დონეზეა.

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სააგენტომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი ივნისში ასწია და გამოაცხადა, რომ წელს ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს. მაგრამ მას შემდეგ, ინფლაციის ზრდის მოლოდინი შემცირდა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა წელს განაკვეთის მორიგი აწევის ალბათობა.

იელენის გამოსვლის შემდეგ, დოლარი იაპონურ იენთან მიმართებაში 113.30-მდე შემცირდა (113.54-დან), ევროსთან მიმართებაში 1.1473-ზე ავიდა (1.1447-დან) და სტერლინგთან მიმართებაში 1.2895-ს (1.2877-დან) მიაღწია. რაც შეეხება კანადურ დოლართან კურსს, ის 1.2938-დან 1.2681-მდე დაეცა.