18-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ყველაზე პოპულარული სარესტორნო გლობალური ქსელი - „მაკდონალდსი“ საქართველოს რეგიონებში გაფართოებას აგრძელებს:
კომპანიის რუკას, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში 11 რესტორანს აერთიანებს, ქუთაისის კიდევ ერთი რესტორანი უერთდება: 14 ივლისს, 15:00 საათზე, აღმაშენებლის მოედნის #1-ში რიგით მეორე „მაკდონალდსი“ იხსნება.
„მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის პროექტის შემუშავების პროცესში გერმანელ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. რესტორნის დიზაინი და პროექტის შესრულება ავსტრიულ კომპანია Schloffer-ს ეკუთვნის, სამზარეულო კი შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით აღიჭურვა. ახალი რესტორანი სტანდარტულზე დიდი ზომისაა და სტუმრების დარბაზებთან ერთად, დაბადების დღის და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აერთიანებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე შშმ პირებზეა ადაპტირებული, მისი მშენებლობისთვის გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები კი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
„მაკდონალდსის“ რესტორნის მასშტაბურობას მისი განსხვავებული ფუნქციური დატვირთვაც განაპირობებს: ნაგებობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონზე გათვლილი გადამზადების ცენტრი განთავსდება, რომელიც ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ობიექტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს. სწორედ უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ქუთაისის მეორე „მაკდონალდსს“ გაორმაგებული ინვესტიცია მოხმარდა, რაც 6 171 000 ლარს შეადგენს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 876 ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 67 106 418 ლარს შეადგენს.
რესტორნის ოფიციალური გახსნის ცერემონია და პრესკონფერენცია 15:00 საათზე გაიმართება, რომელსაც მთავრობის, ამერიკული საინვესტიციო კომპანია OPIC-ის და „მაკდონალდსის“ წარმომადგენლები დაესწრებიან. ახალი რესტორნის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი - ბნ-ი თემურ ჭყონია, OPIC-ის დირექტორი - კენეტ ენჯელი, „მაკდონალდსის“ გენერალური დირექტორი - თენგიზ კაპანაძე და ქუთაისის მერი - შოთა მურღულია ისაუბრებენ. ახალი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოედანზე, 18:30-ზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფ „33ა“ კონცერტს გამართავენ, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 12 ობიექტს მოიცავს.
(R)