ლილოს ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მარხავენ, მათი გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც აღნიშნული მასისგან საწვავს დაამზადებს.
საწარმოს კომპანია "კადევე ჯორჯია" ააშენებს, ხოლო მისი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება 2019 წლიდან დაიწყება. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვაჟა სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ქვის, ღორღის, კერამიკისა და მსგავსი ტიპის ნარჩენების გარდა, ყველაფრის გადამუშავება მოხდება.
"დასუფთავების სამსახური წელიწადში 360 000 ტონა ნარჩენს აგროვებს, რაც დღეში საშუალოდ, 1 000 ტონაა, მაგრამ ჩვენ გათვლას დაახლოებით, 30%-ით მეტ მასაზეც გავაკეთებთ, რომ უფრო დიდი მასის გადამუშავება შევძლოთ. საწყის ეტაპზე წელიწადში დაახლოებით, 72 000-დან 75 000 ტონამდე ევროსტანდარტის დიზელსა და დაახლოებით 25 000 ტონა ბიტუმს მივიღებთ. ამ ნავთობპროდუქტების რეალიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვგეგმავთ," - აღნიშნავს ვაჟა სამადბეგიშვილი.
"კადევე ჯორჯიას" აგვისტოს ბოლომდე, 50 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გადაეცეს, სადაც მოსახლეობისა და საწარმოს თანამშრომლების უსიამოვნო სუნისგან განსათავსუფლებლად, გაზშემკრების დამონტაჟება მალე დასრულდება, შემდეგ კი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.