თბილისის საჯარო ბაღებში, ბოლო მონაცემებით, 11 000-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყო და ტექნიკური შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
”ბოლო მონაცემებით, პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულია 11 000-ზე მეტი აღსაზრდელი, ხოლო ვაკანტური რჩება 1300-ზე მეტი ადგილი. მიმდინარეობს ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.kids.org.ge. –ს საშუალებით.
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე კი საბავშვო ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების მეშვეობით, მოხდება იმ აღსაზრდელთა დარეგისტრირება, რომელთა რეგისტრაციაც ვერ მოხერხდა ელექტრონულად. ამისათვის, მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ კონკრეტული საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას.
რეგისტრაციაში ასევე ჩართულია 5 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება და 1500-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.