"ინტერ რაო" - ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებისადმი სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა 120 მილიონ დოლარს შეადგენს

"ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურების, Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა საქართველოს ხელისუფლებისადმი 120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს „ინტერ რაოს“ მმართველობის წევრმა ილნარ მირსიაპოვმა განუცხადა.

„მოცულობის შეფასება კიდევ გაგრძელდება, მაგრამ ამ მომენტისთვის 120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შესაძლოა 150 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს“, - აღნიშნა მირსიაპოვმა.

მისი თქმით, ორივე სარჩელი, რომელიც საერთაშორისო არტბიტრაჟში იყო შეტანილი, მიღებულია განსახილველად.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ რაო“-ს ჯგუფმა საქართველოს წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა.

"ინტერ რაოს“ სტრუქტურები - ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და ქართულ მხარეს ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის კომპენსირებას სთხოვენ. ამასთან ინტერ რაოში მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით სწორი არ იყო, რამაც მათ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა.