როდის და რომელ ადგილას მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს, რა კავშირი ჰქონდათ ამ საქმესთან ლეგენდარულ ძმებს სიმენსებს და ვინ იყვნენ პირველი ქართველები ნავთობის მოპოვების საქმეში- ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე AMBEBI.GE-ს მკითხველს საინტერესო ისტორიებს უამბობს...
- დღეს ნავთობის ფლობა განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის დიდ შემოსავალს და განვითარების შანსს. ჩვენ ვხედავთ, როგორ წინ მიდის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ამ მიმართულებით. რა წვლილი აქვთ ქართველებს ბაქოს ნავთობის ათვისების საქმეში?
- ვიდრე გიპასუხებდეთ, მინდა გითხრათ, რომ სულ ახლახან გამოვიდა ჩემი რედაქტორობით პროფესორების მამუკა ჯოლბორდისა და ნინო ლიპარტელიანის ძალზედ საჭირო და საინტერესო წიგნი "ქართველი და უცხოელი მეწარმეების სამეურნეო-საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში" (XIX-XX 20-იანი წლები), რომელშიც ბევრი ახალი ფაქტის და მოვლენის შესახებ გაიგებთ. ვიდრე ბაქოში ნავთობის სერიოზული მოპოვება დაიწყებოდა, მანამდე ნავთობის მოპოვება-დამუშავება ხდებოდა ჩვენთანაც, შირაქში, მირზაანში და შირაქის ველზე.1848 წელს ვორონცოვმა ყველა საბადო იჯარით გასცა. 1860-იან წლებში ამ საბადოების მეპატრონეთა შორის იყვნენ ძმები სიმენსებიც, რომლებმაც მარტო 1875 წელს კახეთის ნავთობის საბადოებიდან ამოიღეს 173 ათასი ვედრო ნავთი.
ძმები სიმენსები - ფრიდრიხი, ვერნერი, ფერდინანდი და კარლი
1880-იანი წლებიდან აფშერონის ნახევარკუნძულზე დაიწყეს ნავთობის სერიოზული მოპოვება-დამუშავება, რამაც ხელი შეუშალა საქართველოში ნავთობის მოპოვების საქმეს და 1902 წლიდან ამ ტიპის წარმოება მთლიანად შეჩერდა ჩვენთან. ამერიკელ ვილსონთან ერთად ბაქოს ნავთობის წარმოებით და მერე ბათუმამდე ნავთობსადენის მილის გაყვანით დაინტერესდნენ ძმები ნობელები. ლუდვიგ ნობელმა შექმნა სინდიკატი და ითხოვდა ნედლეულის სურამის 4-კილომეტრიან გვირაბში გატარებას, რაშიც მას მხარს უჭერდა დიდი ქიმიკოსი დიმიტრი მენდელეევი.
1903 წლისთვის ეს ნავთობსადენი აშენდა (835 კმ. სიგრძის 19 სატუმბო სადგურით). მილსადენის გამტარუნარიანობა შეადგენდა წელიწადში 900 ათას ტონას, დაჯდა 12 მილიონი რუსული მანეთი. სამუშაოებზე გამოიყენეს პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის 400 ტონა დინამიტი. ნობელის მიერ დამონტაჟებული ავზები დღესაც დგას ბათუმში, ხოლო მათ მიერ აშენებულ შვედეთ-ნორვეგიის საკონსულოს შენობაში, ბათუმში განთავსებულია ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი (სხვათა შორის, ნობელებს სპეციალური კანტორა ქონდათ ხაშურშიც, ამჟამინდელი სტადიონის გვერდით, რომელიც ახლაც დგას და მიხედვას საჭიროებს).
ძმები ნობელები
მალე ნობელებმა ბაქოს ნავთობის მოპოვებაზე მონოპოლია მოიპოვეს და ადგილობრივ და რუს კაპიტალისტებს ჩაგრავდნენ. ეს არ გამოეპარა ნიკო ნიკოლაძის მახვილ თვალს და ჯერ დაწერა, მერე მოხსენება წარადგინა პეტერბურგში და ბოლოს ნობელებს როტშილდები დაუპირისპირა, რომლებიც მისი მოწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში (რობერტ ნობელი პირველად მოიწვია საქართველოში თავადმა დადიანმა. ნობელს სურდა კაკლის მერქნის შეძენა იარაღის კონდახის დასამზადებლად). როტშილდებმა ამ საქმეში 10 მილიონი დოლარი ჩადეს და გამოყვეს კრედიტები ბათუმში ნავთობდაგამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად. მათ დააარსეს "კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია" და 1889 წელს პირველებმა დაიწყეს ნავთის გატანა ტანკერებით (მანამდეც და მერეც ნავთი თუნუქის ბიდონებით და ხის კასრებით გაჰქონდათ).
1886 წელს როტშილდების პარიზის საბანკო სახლმა შეიძინა "ბათუმის ნავთობისა და ვაჭრობის საზოგადოება 6 მილიონი კაპიტალით. ბათუმში როტშილდების ქარხნის დირექტორი იყო ფრანგი გიონი, რომელიც სამუშაოზე იღებდა მხოლოდ ქართველებს. მისი აზრით, ქართველები ყველაზე კეთილსინდისიერი მუშები იყვნენ და ყოველთვის დროულად ასრულებდნენ მინდობილ საქმეს. სულ ქარხანაში 2650 მუშა იყო დასაქმებული.
- მაინც რა როლი ჰქონდათ ქართველებს ბაქოს ნავთობის ათვისების საქმეში?
- სხვათა შორის, როტშილდებსა და ნობელებს ნავთობის მოპოვების საქმეში საკმაო კონკურენციას უწევდა თბილისში დაბადებული და გაზრდილი ა. მანთაშევი (გარდაიცვალა 1911წელს). მან ბათუმში ააშენა თუნუქის ქარხანა და გახდა 200 ვაგონცისტერნის მფლობელი (მისი კაპიტალი 22 მლნ მანეთს შეადგენდა) მანვე ბათუმში ააშენა ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის გადამამუშავებელი ქარხანა 1887 წელს და ეწეოდა საკმაო რაოდენობით ნავთობის ექსპორტს.
ალექსანდრე მანთაშევი
ალექსანდრე მანთაშევის საწარმოებში 1800-მდე კაცი მუშაობდა, იგი ასევე გამორჩეული იყო საქველმოქმედო საქმიანობით. მისი ფინანსებით გაიხსნა სავაჭრო სკოლა, მოხუცებულთა სახლი, სასტუმრო "ბო-მონდი", ინტერნატი მცირეწლოვანი დამნაშავეებისათვის, კერძო ბიბლიოთეკები, გაიყვანა სატელეფონო კაბელი სოლოლაკიდან დიდუბეში, რაც საკმაოდ ძვირი ფუფუნება იყო.
ნავთობპროდუქტების წარმოებით დაკავებული იყო თბილისში შეძლებულ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ი. პითოევი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი კომპანია და გადაჰქონდა ნავთობი გემებით კასპიის ზღვაზე. 1901 წელს თავისი სახსრებით ააშენა ულამაზესი შენობა, რომელსაც "პითოევის სახლს" უწოდებდნენ და აქ ახლა განთავსებულია რუსთაველის სახელობის სახ. თეატრი. იგი ასევე ბევრჯერ დახმარებია თბილისის სამთავრობო თეატრს (ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი), რომლის მმართველადაც იგი მიიწვიეს 1887 წლიდან.
1860-იან წლებში ბაქოში სანავთობო ადგილები შეიძინა და 1873 წლიდან ნავთის საქმეს მოჰკიდა ხელი კონსტანტინე ზუბალაშვილმა. მან მიწები იყიდა ბიბიეიბათში, სადაც ნავთის ამოსვლის იმედი არავის ჰქონდა. იხილეთ გაგრძელება