"ჩემს სოფელში ლიმონისა და ჩაის ბუჩქს ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე შეხვდებით, გემრიელი ფორთოხლითა და მანდარინით დახუნძლული ბაღები კი ზღვისპირელი კაცის სავიზიტო ბარათად რჩება"
ედიშერ ჩხარტიშვილი ზემო გურიაში, სოფელ ჯუმათში, ციტრუსების მოყვანით ირჩენს თავს. სახლის ახლოს, მცირე ფართობზე, ფორთოხლის, ლიმონისა და მანდარინის ბაღი აქვს გაშენებული, კარ-მიდამოს კი კივის, კინკანისა და კალამონდინის ხეივნები უმშვენებს. მეურნე ცდილობს, ციტრუსების ახალი ჯიშები გამოიყვანოს საკუთარ წალკოტში, ხოლო გაიშვიათებული ქართული ჯიშები მოიძიოს და აღადგინოს.
- მარტო ჩვენი სოფელი კი არა, მთელი ოზურგეთი, გურია სავსეა ფორთოხლის ტყეებითა და მისი მომვლელი შრომისმოყვარე თაფლიკაცებით, ფუტკრებივით დიასახლისებით და საკმარისია მთავრობისა და მეურნეების ერთობლივი გულმოდგინება, რომ დაქცეული დარგი აღორძინდეს. სამწუხაროდ, შრომა არ უფასდებათ აქაურებს სათანადოდ. ერთ დროს განთქმული მეციტრუსეები და მათი ოჯახის წევრები დღეს ჩაისა და ციტრუსის საკრეფად თურქეთში გადადიან. მოსავლის აღება რომ დაიწყება, მხოლოდ მაშინ ახსენდება ყველას მეციტრუსეობის პრობლემები.
- რა უნდა გაკეთდეს?
- უპირველესად, გადაბერებული ბაღები უნდა გაახალგაზრდავდეს ძველი ნარგავების ახალი, უხვმოსავლიანი და სხვადასხვა დროს რომ მწიფს, ისეთი ჯიშების ჩანაცვლებით. ადგილობრივ ბაზარზე ფასი ძალიან დაბალია, არასტანდარტული ნაყოფის ფასი კი იმდენად მცირეა, რომ მეპატრონეს არც უღირს მისი მოკრეფა და გაყიდვა, ურჩევნია, მოწეული ხილი საზამთროდ თავისთვის შეინახოს ან არყად გამოხადოს.საოცრად არომატულია ფორთოხლის, ლიმონისა და მანდარინის შერეული არაყი, თუმცა მას არა ყოველდღიურ სასმელად, არამედ სამკურნალოდ და სტუმრის პატივსაცემად უფრო იყენებენ.
ციტრუსების ფასებს ბაზარი და კონკურენცია არეგულირებს, რაც არცთუ ადვილია. სამაცივრე მეურნეობაც გაუმართავია, ციტრუსი კი მალფუჭებადი პროდუქტია, თუ გლეხმა არ იჩქარა და მოსავალი დროზე არ ჩააბარა პატრონს, ყინვა გაუფუჭებს. ეს კი ზოგჯერ ახალ წლამდეც გრძელდება, ბევრჯერ ჩამოუთოვია ჯერ კიდევ მოულეველ ფორთოხალზე დეკემბერში. ასე რომ, ხშირად მეციტრუსე ამინდის იმედადაა, თუ წვიმები დაუყვა, მთელი წლის ნაშრომი ბაღში დარჩება. ამ პრობლემას კი მხოლოდ ადრეული ჯიშების გაშენება მოაგვარებს, რათა "რთველმა" სექტემბერ-ოქტომბერში გადმოინაცვლოს ნოემბერ-დეკემბრის მაგიერ და მოსავლის აღება-გაყიდვა აუჩქარებლად შეიძლებოდეს.
მოსავლის ერთიანად აღება გასაყიდ ფასზეც მოქმედებს და აიაფებს. ბაზრის ჩაწოლაშიც ყველაზე მეტად დამნაშავე მოსავლის ერთდროული დამწიფებისა და გასაღების ხანმოკლე პერიოდია. სხვადასხვა ჯიშის ამორჩევა და გამრავლება დარგს გააჯანსაღებს. ამის გამო იყო, რომ ციტრუსის პლანტაციები წლების განმავლობაში მცირდებოდა და მათ ადგილს შედარებით უფრო საიმედო ნარგავები იკავებდნენ. ხეხილიც, შუახანს რომ გადასცდება, მსხმოიარობას ამცირებს, ამის გამოც უნდა განახლდეს პლანტაციები, ახალი სიცოცხლით აღივსოს.
გარდა ამისა, მოსახლეობა უნდა გაეცნოს ახალ ტექნოლოგიებს, რათა სწორად გამოარჩიოს უხვად მსხმოიარე, დაავადებისადმი გამძლე, განსაკუთრებით კი ქართული ჯიშები. ამტკიცებენ, ციტრუსების სამშობლო ინდოჩინეთიაო, მაგრამ არ მჯერა, რომ კოლხური ფორთოხალი არ ამშვენებდა მედეასა და აიეტის სუფრას. ამბობენ, რომ საზღვარგარეთ ფორთოხლის წვენზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი დალოცვილი მიწა-წყლიდან განუმეორებელი გემოს მქონე ფორთოხალი შევთავაზოთ მსოფლიოს.
რაც მთავარია, ვერც ბედის უკუღმართობამ და ვერც ქვეყნის გასაჭირმა ვერ დაავიწყა ქართველ კაცს ამ მცენარის სიყვარული, ჩემს სოფელში ლიმონისა და ჩაის ბუჩქს ყოველ ფეხის გადადგმაზე შეხვდებით, გემრიელი ფორთოხლითა და მანდარინით დახუნძლული ბაღები კი ზღვისპირელი კაცის სავიზიტო ბარათად რჩება. ეს არის საწინდარი, რომ ქართულ ციტრუსს გადაშენება არ უწერია."
კახა მჭედლიშვილი
წყარო „კვირის პალიტრა"