კონგრესის შემდეგ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი სენტის საბანკო კომიტეტის წინაშეც წარსდგა, სადაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 3-პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს, ძნელი მისაღწევია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის ტემპს სამ პროცენტამდე გაზრდიდა. ეს ბოლო 70 წლის საშუალო მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლის მიღწევაში, მას საგადასახადო სისტემის რეფორმა უნდა დახმარებოდა.
მაგრამ ფედერალური სარეზერვო სააგენტოსა და კონგრესის საბიუჯეტო მმართველობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, მოსახლეობის დაბერება და მწარმოებლობის კლება უშლის ხელს. უფრო მეტიც, ამ ორი გარემოების გამო, ეკონომიკის ზრდის ტემპი შესაძლოა 2 პროცენტამდეც კი შემცირდეს.
„კარგი იქნებოდა, თუ ამ მიზანს მივაღწევდით, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა იელენმა. მისივე თქმით, 3-პროცენტიანი ზრდის მისაღწევად, ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. ეს ეხება როგორც საგადასახადო სისტემას, ასევე განთლების სფეროსაც კი, რაც შრომის პროდუქტიულობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იელენის თქმით, წლიური პროდუქტიულობის 2-პროცენტიანი მაჩვენებელი, ბოლო წლების შესაბამის მონაცემზე დაახლოებით ორჯერ მეტია და ამის მიღწევა, კოლოსალურ ძალისხმევას საჭიროებს. ზრდის ძირითად კომპონენტებად კვლავაც რჩება პროდუქტიულობის და სამუშაო ადგილების ზრდა და ეს ორივე მაჩვენებელი ნელი ტემპით უმჯობესდება.