საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უკვე 186 კომპანიაა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ტიფლის ტექსტილი“ შეემატება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, კომპანია, რომელიც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას გეგმავს, 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდება, ხოლო საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.
შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.