GEM FEST-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ 10 ათასამდე ვიზიტორს, საიდანაც 64% უცხოელი იყო. უკვე გვქონდა 48 შოუ 8 სცენაზე, - ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი მიზანი Check in Georgia-ს პროექტის მიმდინარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.
როგორც გიორგი სიგუამ აღნიშნა, წელს პირველად მოხდა განმუხურის გარეთ, GEM FEST-ის გარე ტერიტორიის ათვისებაც, მათ შორის არის კუნძული მდინარე ენგურში, ასევე ჩინური სცენა ანაკლიის სანაპიროზე და სხვა.
„განმუხურში არის ქუჩები, სადაც ტურისტი იშვიათი იყო, ახლა ჰოლანდიელებს და გერმანელებს აქვთ აღებული სახლები და ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო დრო გაატარონ. ძალიან დიდი ხალისი და სიცოცხლე ჩქეფს ანაკლიაში და განმუხურში, 100-ზე მეტი ობიექტია აშენებული. ხუმრობა არ არის, რომ სოფელ განმუხურში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, ინტენსიურად შენდება Guest House-ები და ახალი ობიექტები. ასე რომ, უკვე სამი დღეა დაიწყო ჩვენი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი და გელოდებით ყველას ანაკლიასა და განმუხურში“, - აღნიშნა სიგუამ პრესკონფერენციაზე.
„ჯემ ფესტი 2017“ განმუხურში 14 ივლისს დაიწყო და 33 დღის განმავლობაში, 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.
„ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე განთავსებულია დაცული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საბავშვო სივრცე, მოედნებითა და ატრაქციონებით. საფესტივალო ტერიტორიაზე მოქმედებს ევროსტანდარტების შესაბამისი კარვების ქალაქი, სადაც ერთდროულად 10 000 ადამიანი განთავსდება. კარვები, ისევე როგორც სხვა სანიტარული პირობები, წლევანდელ GEM Fest-ზე გაუმჯობესებულია.
წელს ფესტივალზე ასევე გაზრდილია კვების და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა - ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს 30 ბარი, 15 რესტორანი, 40-მდე სწრაფი კვების და 50-მდე სხვა სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ „ჯემ ფესტი“-ს ფარგლებში დასაქმებულია 2800-ზე მეტი ადამიანი. ფესტივალი მნიშვნელოვან როლს შეასრულების რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც.
ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლებისთვის - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეკლამირების პაკეტების მიწოდების და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული ტრენინგი გაიარეს. პროექტის შედეგად, დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი, ან გაყიდულია. ფესტივალზე სტუმრები ჩამოდიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.