საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ე.წ. ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას გამორიცხავს.
დაღესტნის საგზაო მშენებლობის სააგენტომ გამოქვეყნა ვიდეო, რომელიც ვანტლიაშევსკის უღელტეხილზე გზის მშენებლობას ასახავს. გზა დაღესტნის რამდენიმე რეგიონს კვეთს და არსებობს მოსაზრება, რომ მშენებლობა ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელი გზის პროექტის ნაწილია, თუმცა სეთურიძის თქმით, ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის თაობაზე არათუ რაიმე გადაწყვეტილება, არამედ დიალოგიც არ ყოფილა რუსულ მხარესთან.
„ჩვენი მხრიდან, მამისონის მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ჩვენ საკმაოდ სტრატეგიული ტურისტული ობიექტები გვაქვს, ვაკეთებთ რეაბილიტაციას გზისა, რომელიც პირდაპირ რუსეთის საზღვრამდე მიდის; ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდს გზა გაჰყავს როშკიდან არხოტამდე, რომელიც პირდაპირ რუსეთის საზღვრამდე მიდის; ასევე, ვაპროექტებთ ახალ გზას ომალოს მიმართულებით. ასეთივე ლოგიკით, შეიძლება რუსულმა პრესამ იმსჯელოს, რომ ჩვენ რუსეთისკენ რაღაც გზებს ვაშენებთ. რაიმე ტრანსნაციონალურ პროექტზე საუბარი არასდროს ყოფილა და არც იგეგმება. ერთადერთ მარშრუტი, რომელიც ჩვენ ამ დროისთვის რუსეთთან გვაკავშირებს ლეგალურად, არის ლარსის გამშვები პუნქტი და ამ მიმართულებით მთავრობას დაგეგმილი აქვს ასობით მილიონი ლარის დახარჯვა 3-4 წელიწადში. ეს არის და იქნება რუსეთთან დამაკავშირებელი ძირითადი არტერია. ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ დევდორაკის გვირაბს, რაც დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. ვაპროექტებთ ჯვრის უღელტეხილის ქვემოთ გვირაბს, რომელიც დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება და ასევე, მიმდინარეობს პროექტირება იმისთვის, რომ ჟინვალიდიან ქვეშეთამდე და კობიდან ლარსამდე საგზაო ინფრასტურქტურა გაუმჯობესდეს. რაც შეეხება ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელ გზას, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ამ გზის შესახებ ჭორის დონეზეც კი ჩვენთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა სეთურიძემ.
კითხვაზე, არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე, რუსეთის მიერ დაღესტანში ამ ძვირადღირებული პროექტის განხორციელება რა ლოგიკას ექვემდებარება, თუ ის არ დააკავშირებს საქართველოსთან, სეთურიძე აცხადებს, რომ რუსეთის მიზნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„Google-ზე რომ ნახოთ საქართველოს საზღვართან შემომავალი ხეობები, ყველა ხეობაში ჩანს რუსული სამხედრო ნაგებობები და ყაზარმები, რომლებთანაც მათ სჭირდებათ ინფრასტრუქტურა და მისვლა. ასეთვე გზები, სასაზღვრო ჯარებისთვის ჩვენი მხრიდანაც არსებობს და ხდება მათი მომსახურება. ასე რომ, რისთვის აკეთებს ამას რუსული მხარე, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ტრანსნაციონალური ავტომაგისტრალის მშენებლობა ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია“, - დასძინა გიორგი სეთურიძემ.
ცნობისთვის, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის პროექტი XIX საუკუნიდან არსებობს. გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით ჩატარებული იყო, თუმცა პროექტი გაიყინა. 2014 წელს ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის შესახებ დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბონდარევმა გაახმაურა. მისი თქმით, ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება და ეს იქნება იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია იმთავითვე უარყო.
გასულ კვირას დაღესტნის საგზაო მშენებლობის სააგენტომ საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ აშენებენ "გუნიბის შოსეს - ვანტლიაშევსკის უღელტეხილს".