თბილისში სამშენებლო ობიექტების სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შემოწმება წელსაც ვერ მოხერხდება.
კვლევის ინიციატორთა ინფორმაციით, ტექნიკური ბაზა სრულად აქვთ მობილიზებული, მაგრამ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის უქონლობის გამო შემოწმების შესაძლებლობა არ აქვთ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამასობაში, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით საფრთხე კიდევ უფრო მატულობს, ელემენტარულად, უცნობია, თუ რა ნორმა და სტანდარტი გამოიყენება სამშენებლო სექტორში და რამდენად უსაფრთხოა სახლები, რომლებშიც ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს.
შენობების შემოწმება ორგანიზაციას "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" უნდა განეხორციელებინა. შედეგი, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში გახდებოდა ცნობილი, როგორც ჩანს, სახელმწიფოში არ არსებობს კეთილი ნება, რომელიც შენობების უსაფრთხოებისკენ არის მიმართული.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ვარაუდობს, რომ მსგავსი ნორმები და სტანდარტები არ არის შემუშავებული და მობინადრეების კეთილდღეობა მთლიანად მშენებლის პატიოსნებაზეა მინდობილი.
"ყველა საჭირო ეტაპი წარმატებით გავიარეთ და უკვე ივნისიდან მშენებლობების შემოწმება უნდა დაგვეწყო. ცხადია, მშენებლები ობიექტებზე არ გვიშვებენ. უკვე აშნებულ კორპუსებში კვლევის ჩატარების უფლებას არც კანონმდებლობა გვაძლევს. რამდენიმეჯერ მივმართეთ თხოვნით თბილისის მერიასა და მთავრობის ხელმძღვანელებს, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. თავისი ნებით კი შენობას არავინ შეგვამოწმებინებს, რადგან იციან, რა მასალებსაც იყენებენ და რა დარღვევები შეიძლება ამოტივტივდეს.
კანონი არავის ავალდებულებს, შემოწმების ტვირთი დეველოპერების პატიოსნებაზეა. ისინი ამბობენ, რომ "ყვლაფერი რიგზეა" და სიტყვაზე უნდა ენდო. ევროკავშირში, სადაც მიგვიხარია შესვლა, ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებს არ შეუშვებენ ისეთ საცხოვრისში, სადაც უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. მედიცინაშიც ფიქსირდება საშინელი ციფრები, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვვის გამო, ავადმყოფობის ფაქტები არის მკვეთრად მომატებული. სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები.
ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც უპასუხისმგებლოდ ეკიდება მოსახლეობის ჯანმრთელობას, რადგან სეისმოლოგიური მდგრადობისა და რადიაციის მხრივ ობიექტების შემოწმების მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენენ. ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს ცოდნა, გნებავთ, გამოცდილებაც, მაგრამ გვერდით არავინ გვიდგას", - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.
მას იმედი აქვს, რომ მერის არჩევნების შემდეგ მშენებლობის ხარისხის მიმართ გაჩნდება მეტი ინტერესი, კანონმდებლობაში კი – შესაბამისი ჩანაწერი, რაც სპეციალისტებს ხარისხის კონტროლის საშუალებას მისცემს.
"შენობების შემოწმებაზე საქართველოში საზოგადოებრივი ინტერესიც დაბალია. მთავრობაში ამ თემით დიდად არავინ ინტერესდება და არც არავინ იწუხებს თავს. მობინადრეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რამდენად უსაფრთხო სახლებში ცხოვრობენ. ისინი მთლიანად ჩვენზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ვერც ჩვენ ვაკეთებთ რამეს, რადგან სამართლებრივი ბაზა მოუწესრიგებელია.
გვაქვს დადასტურებული ფაქტები, რომ მშენებლობებზე უმეტესად ჟანგიანი, კოროზირებული არმატურა გამოიყენება. როცა ობიექტი ასეთი მასალით შენდება, იქ სამშენებლო უსაფრთხოებაზე საუბარი უკვე ზედმეტია. რეალურად მძიმე მდგომარეობაა.
უკრაინაში რადიაციამიღებული ლითონის დანადგარების მოწყობილობების ჯართად გადადნობა ხდება. რუსეთმა მოახერხა, რომ ჩაკეტა გზა და არ დაუშვა ასეთი მასალის იმპორტი ქვეყანაში. სამაგიეროდ, ეს ტვირთი საქართველოსკენ წამოვიდა. რადიაციული სამშენებლო ლითონი ყოველთვის შემოდიოდა და დღესაც შემოდის. კედლები, სახურავები ასეთი მასალისგანაა დამზადებული, რითაც ყოველდღიურად რადიაციას ვიღებთ. გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ყველა ობიექტს, რომ სამშენებლო ეკოლოგიაზე შემოწმდეს. თუ არ დავიწყებთ დროულად, ყოველთვის პრობლემა გვექნება", - აცხადებს ანზორ საკნადელიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას მხარს უჭერს დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე, რომლის შეფასებითაც, სამშენებლო სექტორში ყველა ნიუანსი შესამოწმებელია, რამდენადაც ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რასაც კვლევამ უნდა გასცეს პასუხი.
"სამშენებლო ობიექტების შემოწმების პროცესის დაყოვნება გაუმართლებელია. რაც საქართველოში შემოდის, ყველაფერი მოწმდება, სამშენებლო მასალების გარდა. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ამ სფეროში სტანდარტი არსებობდეს. არის შემთხვევები, როცა შემოსული მასალა უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ეს საქმე აუცილებლად გასაკეთებელია, როცა დადგება დრო, ამისთვის უნდა მოიცალონ და მიხედონ პრობლემას. მე თუ მკითხავთ, უკვე დაგვიანებულიც არის.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მივიდნენ იმ აზრზე, რომ სეისმურად საშიშ ტერიტორიებზე მშენებლობები მაღალ რისკს უკავშირდება. კარგი იქნება, თუ კვლევას ჩაატარებენ – გასამაგრებელი სახლი გამაგრდება და ყურადღება მიექცევა მშენებლობის ხარისხს.
ცხადია, შესამოწმებელია ყველაფერი, რადგან საფრთხე რეალურად არსებობს. ეჭვი უსაფუძვლოდ არ გაჩენილა. კარგი იქნება, თუკი საერთოდ გამოირიცხება, ანდა, დადასტურების შემთხვევაში, ადეკვატური ზომების მიღება გახდება შესაძლებელი, რათა ადამიანები დაცული იყვნენ", - აცხადებს მაჩაიძე.
ყველაზე მთავარი, რაც კვლევას ეფექტურობას შესძენს, ურბანისტების აზრით, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობაა. უშუალოდ კვლევის პროცესში კი მნიშვნელოვანია სტანდარტი, რომლის შესაბამისადაც სპეციალისტები ობიექტებს შეამოწმებენ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"