პირველად ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში ვაზის ჯიშების სელექციური პროგრამა დაიწყო

საქართველოს ცნობილი ვაზის სელექციონერი ვალენტინ ბლატნერი ეწვია. შვეიცარიელი სელექციონერი ქართველ მეცნიერებთან ერთად, საქართველოში ახალი სელექციური პროგრამის განხორციელებას იწყებს , რომლის ფარგლებშიც სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშებისა და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია მოხდება.

სოლარისისა და ბრონერის ჯიშებით სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით ქისის, მესხური ხარისთვალას, ქიშურისა და რქაწითელის ხელოვნური დამტვერვა უკვე მოხდა. ვალენტინ ბლატნერის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი, დაავადებებისადმი გამძლე ჯიშის გამოვლენაა, რომელსაც წელიწადში შეწამვლა მხოლოდ 2-3-ჯერ დასჭირდება.

ვალენტინ ბლატნერის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული და ევროპული ვაზის ჯიშების შედარებაა. როგორც შვეიცარიელი სელექციონერი აღნიშნავს, შესაძლოა ევროპული ვაზის ფესვები სწორედ კავკასიის რეგიონიდან მოდიოდეს.

ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს. მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები - კაბერნე ბლანი, პინოტინი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისთვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. ბლატნერის მიერ დაფუძნებული ეკოლოგიისა და მევენახეობის ინსტიტუტი ევროპის არაერთ ცნობილ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან თანამშრომლობს, მათ შორის შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვან შენგინს-ვედენსვილის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ვალენტინ ბლატნერის გამოყვანილი ჯიშები გაილვაილერჰოფის ინსტიტუტის Vitis international catalogue-შია შეტანილი. 

იხილეთ გაგრძელება