საერთაშორისო სასტუმროების ფასები თბილისში შესამჩნევად მაღალია სხვა ქალაქებში იგივე ბრენდის სასტუმროების ფასებზე.
Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის თანახმად, Radisson Blu-ს საშუალო დღიური ფასი თბილისში ივლისში 67.6%-ით, ხოლო აგვისტოში 79.1%-ით აღემატება აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების სხვა ქალაქებში შესადარი მაჩვენებლების მქონე Radisson Blu-ს სასტუმროების ფასებს.
"ფასებში ასეთი განსხვავებები მიუთითებს თბილისში ბრენდული სასტუმროების ნაკლებობაზე, თუმცა ეს გარემოება ჩვენი აზრით, დროებითია. დაგეგმილი პროექტების გრძელი სიაა თბილისში, მათი ეტაპობრივად დასრულება და ბაზარზე მიწოდების გაზრდა კი ზეწოლას მოახდენს ფასებზე და შესადარი ქალაქების მაჩვენებლებთან დააახლოვებს მათ", - ნათქვამია მიმოხილვაში.
Booking.com-ს მონაცემების მიხედვით, თბილისში მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების სეგმენტში ყველაზე მაღალი ფასებით Radisson Blu Iveria და Biltmore გამოირჩევიან. აღნიშნულ სასტუმროებში ივლისსა და აგვისტოში ფასები საშუალოდ 637 ლარიდან 775 ლარამდე მერყეობს. მაშინ როცა Hualing Hotels & Preference და Tbilisi Marriott-ის ფასები 479-574 ლარის ინტერვალშია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი 5- ვარსკვლავიანი ბრენდი - სასტუმრო „ამბასადორი“, ერთ-ერთ ყველაზე ძვირ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს (624-773 ლარი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში).
საშუალო კლასის საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების სეგმენტში ფასები მერყეობს 271 ლარიდან 501 ლარამდე, ხოლო ყველაზე ძვირ ფასებს აღნიშნულ სეგმენტში Holiday Inn და Courtyard Marriott აწესებენ.
მაღალი ფასების მიუხედავად, თბილისის მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროებში სხვა ქალაქებთან შედარებით, ოთახების უმეტესობა ზაფხულის პერიოდში დაჯავშნილია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.