ელიავას ბაზრობის ტერიტორიის სამომავლო განვითარებაზე დეტალური განხილვა აუცილებლად მოხდება , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის შემდეგ განუცხადა.
დავით ნარმანია განხილვის დროს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ელიავას ბაზრობის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გამოეხმაურა.
„აღნიშნული საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება შემდგომ მსჯელობას. ჩვენ მოვისმენთ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეების მოსაზრებებს და პოზიციას, ასევე გენერალური გეგმის ჯგუფის პოზიციას, როდესაც თემატური განხილვები მოეწყობა. ასე რომ, ამ საკითხის დეტალური განხილვა აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისი მერს არ დაუკონკრეტებია, როდის იქნება შესაძლებელია მოეწყოს ელიავას ბაზრობის ტერიტორიის სამომავლო განვითარებაზე მსჯელობა. როგორც ცნობილია, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის ფუნქცია მიენიჭოს. სხვა მოსაზრება გააჩნიათ ტერიტორიის მფლობელებს.
გენგეგმის განხილვები მიმდინარე კვირაში მოეწყობა და სექტემბერში დოკუმენტს საკრებულო დაამტკიცებს.