ხის შემეცნებით-საგანმანათლებლო სათამაშოების კომპანია „ეიკო“ ორმა ახალგაზრდამ - საბა ღუდუშაურმა და სოფიკო ხიმშიაშვილმა 2016 წელს დააფუძნა.
ხის სათამაშოების შექმნის იდეა ტექნო პარკის გახსნის პერიოდს უკავშირდება. როგორც კომპანიის დირექტორი საბა ღუდუშაური აღნიშნავს, დაფინანსება „ეიკომ“ სტარტაპ საქართველოს ფარგლებში მოიპოვა.
კომპანიის სახელწოდება „ეიკო“იაპონური ენიდან მოდის და დღეგრძელ ბავშვს ნიშნავს. მაღალი ხარისხითა და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების შექმნით, „ეიკოს“ დამფუძნებელი მუდმივად ცდილობენ, გაამართლონ კომპანიის სახელი. სათამაშოები ბავშვებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარებათ.
დღეისთვის კომპანია სხვადასხვა ტიპის ხის სათამაშოებს აწარმოებს. მათგან განსაკუთრებით გამორჩეული საქართველოს რუკის ე.წ. ფაზლია, რომელიც ბავშვებს ქვეყნის რეგიონების სწორად განაწილებას ასწავლის. „ეიკო“ ასევე ამზადებს სათამაშოებს, რომლის დახმარებითაც პატარები კითხვას არამარტო ქართულ, არამედ რუსულ და ინგლისურ ენებზე შეისწავლიან. ორიგინალური ფორმის ხის სათამაშოების დიზაინს კომპანიის დამფუძნებლები თავადვე ქმნიან.
„ჩვენმა კომპანიამ ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავა. იმპორტირებული პროდუქცია ვერ იქნება მთლიანად საქართველოზე მორგებული. ჩვენ კი შეგვიძლია სათამაშოები სწორედ ქართველი ბავშვებისთვის შევქმნათ. „ეიკოსთვის“ პრიორტეტული არ არის სათამაშოების კაშკაშა, მიმზიდველი ფერი. ჩვენი მიზანია, დავამზადოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც მაქსიმალურად შემეცნებითი ხასიათის იქნება და ამავდროულად, ყველასთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ „ეიკო“ სათამაშოებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაც ამზადებს. ამავდროულად, ეს კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ჩვენი სათამაშოები მორგებულია შშმ პირებზე. ცოტა ხნის წინ უსინათლოების სკოლისთვის დავამზადეთ ფაზლები, რომლებზეც წარწერები ბრაილის შრიფტით იყო დატანილი. მართალია, ამ ტიპის სათამაშოებს მაღალი თვითღირებულება აქვს და ნაკლებად მომგებიანია, თუმცა ეს ჩვენი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ვცდილობთ, ბევრი დავაზმადოთ,“- ამბობს საბა ღუდუშაური.
ეიკოს ხის სათამაშობის შეძენა მომხმარებლებს სოციალური ქსელის საშუალებით შეუძლიათ. პროდუქციის ფასები 14 ლარიდან იწყება და 60 ლარამდე მერყეობს. მალე კომპანიის მიერ წაროებული სათამაშოები შოურუმშიც განთავსდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მოთხოვნა საკმაოდ დიდია და შეკვეთებს უკვე თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც იღებენ.
ახალგაზრდა სტარტაპერები ცოტა ხნის წინ „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამაში ჩაერთნენ. პროგრამასთან დაკავშიებით კომპანიის დამფუძნებლებს საინტერესო გეგმები აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
„ეიკოს“ სამომავლო და ყველაზე ამბიციური გეგმა ქართული წარმოების ხის სათამაშოების ექსპორტზე გატანაა.
ქრისტინე გამთენაძე
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: ADvan/ედვენი