სს „ფოთის აეროპორტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა.
ამის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30 ივნისის განჩინებაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და გაკოტრების მმართველად „აღსრულების ეროვნული ბიურო“ დაინიშნა.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა სს „ფოთის აეროპორტის“ ქონება, საიდანაც დადგინდა, რომ საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია. აეროპორტის სახელზე ირიცხება 7 დასახელების სატრანსპორტო საშუალება და 7 დასახელების მოძრავი ქონება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა ამ ქონების შეფასება. ქონების საბაზრო ღირებულებამ 23 050 ლარი შეადგინა. კომპანიას არც ერთ საბანკო დაწესებულებაში აქვს დადებითი ნაშთი და დებიტორული მოთხოვნები სხვა ფიზიკური თუ იურიდიული კომპანიების მიმართ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე, სადაც ქონება ერთიანი კომპლექსის სახით გაიყიდა, ქონების სრულად რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ კი 17 518 ლარი შეადგინა,“- ვკითხულობთ სასამართლოს განჩინებაში.
ფოთის აეროპორტის მფლობელი არაბული კომპანია „რას ალ ხაიმა“ იყო, რომელსაც აეროპორტი უნდა განევითარებინა. თუმცა გასული წლის სექტემბერში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ინვესტორისთვის ფოთის აეროპორტის 98.26%-იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულება შეწყდა.
ფოთში აეროპორტის პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებით, პროექტი გაუმართლებლად შეფასდა. მეტიც, მოქმედმა ხელისუფლებამ აეროპორტის მშენებლობა ფოთის ნაცვლად ანაკლიაში დააანონსა.