რა უნდა იცოდეთ, თუ სადაზღვევო კომპანია ავარიის ზარალის ანაზღაურებას გთხოვთ

ჩვენი რესპონდენტის ნათია გ-ს მონათხრობში, ბევრმა შესაძლოა საკუთარი ისტორია ამოიცნოს, ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვისაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოსვლია და სადაზღვევოსთან ურთიერთობა მოუხდა, ეს სიტუაცია კარგად ნაცნობია...

"ცენტრალურ გზაზე ავარიულების გარეშე გაჩერებულ ავტომობილს დიდი ჯიპი შეეჯახა, მას კი "ჰონდა ფიტით" მე შევეჯახე. ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ საჯარიმო ქვითარი მხოლოდ მე გამომიწერა. პირველი ავტომობილის გაკეთებაზე მართლაც ავიღე პასუხისმგებლობა და ზარალი სრულად ავუნაზღაურე. ჯიპის მძღოლმა კი მითხრა, რომ მანქანა დაზღვეული ჰყავდა და ჩემგან არაფერს მოითხოვდა. მეორე დღეს მასთან ერთად ჩემი წარმომადგენელი მივიდა სადაზღვევო კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ ზარალს მართლაც ისინი აანაზღაურებდნენ. ჯიპს დიდად არაფერი ჰქონდა დაზიანებული. ჩემს მანქანასაც მხოლოდ მარცხენა ფარი გაუფუჭდა და ლოგიკურად, ავტომობილების მოცულობისა და გამძლეობიდან გამომდინარე ჯიპს ბევრად ნაკლები დაზიანება ექნებოდა.

ნოემბერში მომხდარი ავარია, თითქმის დავიწყებული მქონდა, როცა ივნისში დამირეკეს და მითხრეს, პრობლემური სესხი გაქვს გადასახდელიო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს იყო სადაზღვევო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც მან ჯიპის გაკეთებისთვის დახარჯა. იქამდე, სანამ სესხი პრობლემური გახდებოდა, ერთი შეტყობინებაც არ მომსვლია, რომ რამე მქონდა გადასახდელი. მოთხოვნილი თანხა 300 დოლარზე მეტი იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იმ ავტომობილის შეკეთებას 100 დოლარზე მეტი არ დასჭირდებოდა. ბევრმა მირჩია სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ ამისთვის არც ნერვები მქონდა და არც ფინანსები. მით უმეტეს, თავის დროზე ექსპერტიზაც არ იყო ჩატარებული. ამიტომ გადავიხადე თანხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია მედავებოდა" - გვიყვება ნათია გ.

ჩვენმა რესპონდენტმა გარკვეული მიზეზების გამო სასამართლოში სიარულს თანხის გადახდა ამჯობინა. თუმცა ბევრია, ვინც მსგავს სიტუაციას არ ეგუება და სასამართლოში დავას იწყებს. იურისტების თქმით, სასამართლოსთვის მსგავსი საქმეები უცხო არ არის და უკანასკნელი ტენდენციები აჩვენებს, რომ მოსამართლეები მოსარჩელე მხარეებს ამართლებენ სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ. საადვოკატო ბიუროს OK & CG-ის ადვოკატის ქეთევან ქავთარაძის განმარტებით, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის ბიუროს ხშირად მიმართავენ, საქმეების ნაწილი კი სასამართლომდეც მიდის.

"სადაზღვევო კომპანიების მიერ თანხის ამოღების საკითხი მასშტაბური პრობლემაა, ისინი მეორე მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად არჩევენ ნაწილებს, მათ ფასს და მდგომარეობას. შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული რეგრესის წესით ავარიაში დამნაშავე პირისგან ითხოვენ ზარალის ამოღებას. არის შემთხვევები, როცა ეს თანხა რეალური ზარალის საბაზრო ფასებზე ბევრად მაღალია. ასეთ შემთხვევაში ავარიაში დამნაშავე ადამიანები დაზარალებულები გამოდიან. მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლო პრაქტიკა უკვე იქით არის მიმართული, რომ ასანაზღაურებელი თანხა რეალური ზარალის ადეკვატური უნდა იყოს.

სადაზღვეკო კომპანიებისთვისაც ცნობილია ეს ტენდენცია და ბოლო პერიოდში მსგავს საქციელს ერიდებიან. იციან, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში, ეს საქმე მათთვის წამგებიანი იქნება. თუმცა, მე მახსოვს შემთხვევა, როცა ავარიის დროს შეჯახება მოხდა მანქანაზე, რომელსაც გარკვეული გარბენი უკვე ქონდა. სადაზღვევომ კი მფლობელს მის სანაცვლოდ ახალი ავტომობილი უყიდა. საბოლოოდ, ამ თანხის ამოღება ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირისგან სცადა," - განმარტავს ქეთევან ქავთარაძე.

მსგავსი საქმეები უცხო არაა ავტო-ტექნიკური ექსპერტებისთვისაც. როგორც "ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის" ხელმძღვანელი რევაზ ველიჯანაშვილი განმარტავს, მათ ხშირად მიმართავენ ავტომობილის რეალური ზარალის გამოსათვლელად და სადავო თანხა უმრავლეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. საქმის დეტალების გარკვევა სასამართლო პროცესით ხდება ხოლმე.

"დავის წარმოშობის შემდეგ ისეც ხდება, რომ სადაზღვევო კომპანია ითვალისწინებს ექპერტიზის დასკვნებს და საქმე მორიგებით სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს არგუმენტებსა და დასკვნებს უკვე სასამართლოში წარვადგენთ. არის შემთხვევები, როცა მსგავს სასამართლო პროცესებში სადაზღვევო კომპანიები იმარჯვებენ, თუმცა უფრო ხშირად კერძო პირი მართლდება ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის შეფასება საექსპერტო შეფასებაზე უფრო მაღალია. მიზეზი კი ნათელი და ცალსახაა - ისინი ზარალს სერვისცენტრის ფასებით ანგარიშობენ. სერვისცენტრის ფასები კი ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებულ ფასებზე მაღალია და სწორედ ეს იწვევს ფასთასხვაობას," - განმარტავს ველიჯანაშვილი.

საწინააღმდეგოს ამბობენ სადაზღვევო კომპანიები და არ ადასტურებენ, რომ მათ მიერ დაანგარიშებული ზარალი რეალურ საბაზრო პირობებზე უფრო მაღალია. როგორც გავარკვიეთ, ისინი მართლაც სერვისცენტრების ფასებით ანგარიშობენ. თუმცა როგორც GPI Holding-ის ზარალების მომსახურების განყოფილების უფროსი დავით დოლიძე ამბობს, ზარალის შეფასებისას მათი ფასები სულაც არაა საბაზროზე მაღალი. პირიქით, სწორედ ესაა რეალური ფასები.

"ზოგადად, სადაზღვევო კომპანია თვითონ არ აწარმოებს ზარალის შეფასებას. ჩვენ რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია გვყავს, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. მალულად ნამდვილად არაფერს ვაკეთებთ და ყველაფერზე ინვოისის გამოწერა ხდება. ასევე, ხელშეკრულებით გვაქვს შეზღუდული იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დაზღვეულ ავტომობილს ნაწილებითა და სერვისით უზრუნველყოფენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში დიდი სერვისცენტრებია. ასევე, არის საექსპერტო კომპანიებიც, რომლებიც თავად ახორციელებენ შეკეთებასაც. ძირითადი პრეტენზიები უმეტესწილად იმას ეხება, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ შეფასებული ზარალი ინდივიდუალურად ხელოსანთან შეთანხმებულ ფასზე მეტია ხოლმე. ეს რეალურიცაა, რადგან ჩვენს მიერ სრული ზარალის შეფასება ხდება.

კლიენტი ჩვენგან ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვს, ინდივიდუალური მოლაპარაკების დროს კი ხშირად გარკვეულ დეტალებზე თვალს ხუჭავს. ისიც აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მომუშავე ხელოსნებს თანხას ძირთადად ხელზე უხდიან და მასში გადასახადები არ შედის. ამიტომაც მათი მომსახურება რეალურ საბაზრო ფასებზე უფრო დაბალია. ეს სიტუაცია განსხვავდება იმისგან, როდესაც სადაზღვევო კომპანია აფასებს ზარალს ოფიციალურად და ყველაფერი საბუთებით აქვს დადასტურებული. მანქანის შეკეთება, თანხის ანზღაურება და ამოღება მრავალმხრივი ურთიერთობის ჯაჭვია და რამის ხელოვნურად შეცვლა გამორიცხულია. ერთი კომპანია რომ მონაწილეობდეს შეფასებაში, შეჯახებაში დამნაშავე მძღოლებს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ ან მიკერძოებულობაში დაგვადანაშაულონ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მართლაც არის შემთხვევები, როცა სასამართლოში ასაჩივრებენ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი და მომჩივანი მხარის მიერ მოწოდებული ალტერნატიული ფასები დიდად მაინც არ განსხვავდება ხოლმე," - ამბობს დოლიძე.

როგორც საკითხის დეტალების გარკვევისას აღმოჩნდა, საქმე მართლაც რთულია და ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს. საქმის მარტივად მოსაგვარებლად კი ავტომფლობელები ხშირად პასუხისმგებლობის დაზღვევით სარგებლობენ. ამ დროს დაზარალებულ მხარეს, დამნაშავე მძღოლის ნაცლად სადაზღვევო კომპანია უხდის თანხას. რეალურად კი, რთულ სიტუაციაში მოხვედრისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა, საგზაო წესების დაცვა და საავარიო სიტუაციის მაქსიმალურად თავიდან არიდებაა.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE