მნიშვნელოვანია, საბაჟო პროცედურები და ინფორმაციის გაცვლა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ საზღვრის გადაკვეთისას, მგზავრებისა და ტვირთის მომსახურებისას რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობის შეფასებისას განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი ფორმატის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული პროექტებიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ.
„აზერბაიჯანი დღეს ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. მხოლოდ შარშან, აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში 500 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ტვირთბრუნვა თითქმის 700 მლნ დოლარს აღწევს. თურქეთთან ეს მონაცემი მილიარდნახევარ დოლარზე მეტია. მგზავრთნაკადი ორივე ქვეყნიდან მილიონ 400 ათასზე მეტს აღწევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ვაჭრობას, მგზავრთნაკადის ზრდას და საბოლოო ჯამში, თანამედროვე საბაჟო პროცედურების დანერგვას ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია მთლიანად სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. იგულისხმება როგორც „აბრეშუმის გზის“, ისე „ტრასეკას“ დერეფანი. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს მწყობრში. შესაბამისად, ამ კონკრეტული მიმართულებითაც მუშაობენ სამივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციები და რკინიგზის წარმომადგენლები, რათა ეს დერეფანი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი იყოს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ბაქოში გამართულ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველ სამმხრივ შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.