ევრო დოლართან აღმავალ ტრენდშია

ევრო დოლართან მიმართებაში აღმასვლას აგრძელებს.

ორშაბათს წყვილის ფასმა ამ წლის მაქსიმუმი განაახლა, რის შემდეგაც კორექციული მოძრაობა დაიწყო. ამას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ჯერ ერთი, ახლოვდება დრო, როცა ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პროგრამის შეკვეცის დაწყებას გამოაცხადებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს სექტემბერში მოხდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ მისთვის ჩვეული ფრთხილი პოლიტიკა გააგრძელოს და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მინიშნებებისგან თავი შეიკავოს.

მეორე მიზეზი ისაა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ ვერ ახერხებს ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტისთვის საჭირო მხარდაჭერის მოპოვებას. პრეზიდენტი თვლის, რომ ჯანდაცვის მოქმედი პროგრამა (ე.წ ობამაქეარ) არაეფექტური და ეკონომიკურად არასამართლიანია, მაგრამ მის ამ მოსაზრებას რესპუბლიკელების ნაწილი არ იზიარებს. ახლახანს პარტიის ორმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპის რეფორმას მხარს არ დაუჭერს. ყოველივე ტრამპის ადმინისტრაციის უუნარობის განცდას ქმნის, რაც დოლარის კურსზე უარყოფითად აისახება.

არის კიდევ ერთი ფაქტორი: აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტო არ ცდილობს დოლარის ზედმეტად მხარდაჭერას, რითაც მის მეტისმეტად სწრაფ გამყარებას უშლის ხელს. შედარებით სუსტი დოლარი კი, მოკლე და საშუალოვიადან პერსპექტივაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ინფლაციის მიზნობრივი დონის (2 პროცენტი) მიღწევას შეუწყობს ხელს.

ტალღური ანალიზის შესაბამისად, 4-საათიან გრაფიკზე, ევრო-დოლარის ფასი, აღმავალი ტრენდის დიდი მესამე ტალღის დამამთავრებელ ფაზაშია. წყვილის ფასმა უკვე დაასრულა მესამე ტალღის შემადგენელი პირველი და მეორე ტალღები და ამჟამად მესამე ტალღაშია, სადაც მესამე ქვეტალღა ვითარდება. მისი დასრულება 1.1650-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი, რის შემდეგაც მეოთხე, კორექციული ქვეტალღა დაიწყება. მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, კორექციას მეხუთე ქვეტალღის (მესამის დამამთავრებელი) განვითარება (აღმასვლა) მოჰყვება, რომელიც წყვილის ფასს 1.1700-ის სიახლოვეს აიყვანს.

bpn