თბილისის გენგეგმის პროექტით რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ 70 ჰექტარ ტერიტორიაზე საავტომობილო გზატკეცილის, ასევე ტრამვაის მოწყობის საკითხი განიხილება , - ამის შესახებ ”სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია დიდუბიდან ნავთლუღამდე მონაკვეთში არსებული რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ სარკინიგზო მეურნეობის 70 ჰა-მდე ტერიტორიაზე. ”ჩვენ ამ ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფანს ვტოვებთ. გვინდა, რომ რკინიგზისგან გამოთავისუფლებული ტერიტორიის გასწვრივ საავტომობილო გზატკეცილი გაკეთდეს. ქალაქმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ეს იყოს მსუბუქი, ე.წ. მჩატერელსოვანი სარკინიგზო ტრანსპორტი. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, რომელიც აგლომერაციებს შეაერთებს. ეს უკვე ქალაქის ამოცანაა, გამომდინარე მისი ფინანსებიდან და საჭიროებიდან, შესაძლებლობებიდან, თუ რას აირჩევს”, - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, 2 ჩიხური სადგური - დიდუბისა და ნავთლუღის, უნდა დარჩეს. სხვადასხვა მხრიდან თბილისში მომავალი მატარებლები იქ გაჩერდებიან, მოხდება მგზავრთა ჩამოყვანა და აყვანა. ”სხვა შემთხვევაში იარსებებს კიდევ ერთი სხვა ტრანზიტული მაგისტრალი. თუ სად გაივლის ეს ტრანზიტული მაგისტრალი, ამაზე კიდევ მიდის მსჯელობა. საქართველოს რკინიგზა ამზადებს სხვადასხვა ვარიანტს. ჩვენ არ ვემხრობით იმ გზას, რომელიც უკვე პრაქტიკულად გაკეთებულია, თუმცა ბევრი სამუშო კიდევ დარჩა შესასრულებელი. ეს არის ე.წ. თბილისის ზღვის შემოვლითი რკინიგზის მაგისტრალი. მზადდება სხვადასხვა ვარიანტებიც და ვნახოთ, რა დასკვნას მოგვცემს კვლევა, რა შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ ქალაქისთვის სატრანსპორტო მაგისტრალად”, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, გამოთავისუფლებული ტერიტორიების ნახევარზე მეტ ფართობზე გენგეგმის ჯგუფი ასევე რეკრიაციულ და გამწვანებულ ტერიტორიებს მოიაზრებს.