ზაფხულის დადგომასთან ერთად, დედაქალაქში მომრავლდნენ ველოსიპედით მოსიარულე ადამიანები.
ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, ცდილობს, დრო ველოსიპედით სეირნობაში გაატაროს. ეს არა მარტო განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო წლებში ველოსიპედით გადაადგილება თავისებურ მოდად იქცა.
ველოსიპედს, როგორც სატრანსპორტო საშუალებას, ბევრი დადებითი მხარე აქვს: არ გამოყოფს გამონაბოლქვს ატმოსფეროში (შესაბამისად, ქალაქის ჰაერი უფრო სუფთაა), დადებით გავლენას ახდენს მგზავრის ჯანმრთელობაზე, ამცირებს სატრანსპორტო კატასტროფის რისკს, ათავისუფლებს სივრცეს ფეხით მოსიარულეებისთვის და ა. შ.
გაზეთმა "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2017 წლის ზაფხულში ყველაზე მეტი ველოსიპედი გაიყიდა. "ლილოს" ბაზრობის მოვაჭრეები არ უჩივიან რეალიზაციის შემცირებას.
"წელს ველოსიპედებზე მოთხოვნა ნამდვილად მომატებულია, თანაც ხალხი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ხარისხს. ივნისში 250-მდე ველოსიპედი გავყიდე, წინა წლებში თვეში 50-ც არ იყიდებოდა. ცდილობენ, ძვირი ველოსიპედები შეიძინონ. ყველაზე მეტად ქალბატონები აქტიურობენ, მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ველოსიპედი მარტივი გზაა სხეულის ფორმების შესანარჩუნებლად", - აღნიშნა გიორგი გვენეტაძემ.
მამაკაცების უმეტესობა პოლონური ფირმის ველოსიპედებს ანიჭებს უპირატესობას, მიზეზად კი ხარისხს ასახელებენ.
"პოლონური ველოსიპედები საუკეთესოა მსოფლიოში. ყველაზე ხარისხიანია და სანდო. ძველი სპორტსმენი ვარ და ახლაც ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. არ მახსენდება ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ველოსიპედი არ მქონდა. ჩემი შვილი 14 წლისაა და უკვე ვუყიდე მაღალი ხარისხის ველოსიპედი. პირველ რიგში, ვიცი, რომ ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა, გარდა ამისა, უფრო მარტივია ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილება. ამიტომ არის, რომ ტურისტები ასე მოძრაობენ", - განუცხადა "რეზონანსს" ვალერი ოჩხიკიძემ.
ველოსიპედით მოძრაობას ხელს უშლის ისეთი პირობები, როგორიცაა უსწორმასწორო გზა, მოუწესრიგებელი ველობილიკები და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ თბილისში საველოსიპედო ინფრასტრუქტურა – ბილიკები, მონიშვნები, სადგურები და ა. შ. თითქმის არ არსებობს. რამდენიმე მათგანი მხოლოდ რეკრეაციულ ზონებში, პარკებში თუ შეგხვდებათ.
თბილისი არაა საველოსიპედო ქალაქი. მისი რთული და მთიანი რელიეფი არ იძლევა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის საშუალებას, ამასთან, ვიწრო გზები ამაზე მორგებული არ არის. აღნიშნული საკითხები გადამწყვეტ როლს თამაშობს ყველა დონეზე. შედეგად, თბილისის ტრანსპორტის დაგეგმარების პროცესში უგულებელყოფილია ტრანსპორტის ისეთი ფორმა, როგორიც ველოტრანსპორტია.
"მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი ტრანსპორტი ველოსიპედია. მილიონნახევრიან ქალაქში იგი, სასარგებლოსთან ერთად, საჭიროც არის. პარკინგისა და საზოგადოებრივი სივრცეების შეკუმშვა ყოველდღიურ რეალობად იქცა. ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ველოსიპედები მანქანების სერიოზული ალტერნატივაა. სწორედ ამიტომ, საჭიროა, დედაქალაქის ქუჩებში მოწესრიგდეს ველობილიკი", - ამბობს თბილისელი მარინა არევაძე.
"რეზონანსმა" გამოიკითხა იმ მოვაჭრეების აზრი, რომლებიც წლების განმავლობაში ველოსიპედის რეალიზაციას ეწევიან. გიორგი მუსერიძე უკვე 20 წელია, ველოსიპედებს ყიდის და წლევანდელი ტენდენციით კმაყოფილია.
"ისევე, როგორც ტანსაცმელს, ველოსიპედსაც აქვს ზომა და მნიშვნელოვანია, რომ მისი ფორმა იყოს მფლობელის შესფერისი. შეუსაბამო ზომის ველოსიპედის მოხმარება უფრო მალე დაგღლით და შეიძლება კუნთების დაჭიმულობაც გამოიწვიოს. ამიტომ უნდა შეარჩიოთ თქვენს სხეულზე მორგებული ველოსიპედი.
თუ ფინანსები ამის საშუალებას იძლევა, ჯობია ახალი ველოსიპედის შეძენა. მოქმედებს გარანტია და ნაწილების ცვეთა - დაზიანებაც კარგა ხანს არ შეგაწუხებთ. "არდტაილის" ფასები 500 ლარიდან იწყება და საშუალო დონის 800-1500 ლარი ღირს, "ულლ შუსპენსიონის" საწყისი ფასები კი 2500 ლარს ზემოთაა.
გასაკვირი არაა, რომ ბევრისათვის ველოსიპედში ასეთი თანხის გადახდა წარმოუდგენელია, ამიტომ მეორადი ველოსიპედი ბუნებრივი ალტერნატივაა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, უმჯობესია, ფასებს ყველა მიმართულებით გადახედოთ", - აღნიშნა გიორგი მუსერიძემ.
კოკა კალანდაძე, უკვე 3 წელია, უნივერსიტეტსა და სამსახურში ველოსიპედით დადის და საერთოდ არ უქმნის ეს დისკომფორტს. ეს ყოველდღიურად მინიმუმ 20 კმ-ია - დიდი დიღმიდან ვაკეში.
"უნივერსიტეტში მისვლის პირველი დღიდან, როცა ველოსიპედი დამინახეს, სტუდენტებს უცხოპლანეტელი ვეგონე, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ზოგიერთმა ჩემსავით ველოსიპედით დაიწყო უნივერსიტეტში სიარული - მათი რაოდენობა თანდათან იზრდება.
ძალიან მომწონს ინიციატივა საველოსიპედო ბილიკების შემოღების შესახებ. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ დიდხანს და ჯანმრთელად. იმედია, თბილისის მერია მხარს დაუჭერს მას და ახლო მომავალში მართლაც შეგვეძლება ქალაქში ველოსიპედებით თავისუფლად გადაადგილება", - განუცხადა "რეზონანსს" კოკა კალანდაძემ.
თბილისში ასევე დიდია მოთხოვნა ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ველოსიპედების გაქირავებას უკავშირდება. ასეთი სერვისი იმ ადამიანებისთვის არის მისაღები, რომლებიც საღამოობით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვას ამჯობინებენ.
სოფიო ჩხიკვაძე
გაზეთი "რეზონანსი"