2017 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა თვესთან შედარებით 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12,3 პროცენტი შეადგინა.
2017 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ზრდა განპირობებული იყო გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 0,6 პროცენტით ზრდით, რაც ინდექსის ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1,8 პროცენტი), აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-3,0 პროცენტი).
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12,7 პროცენტით, რომლის წვლილმაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 10,49 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (39,9პროცენტი), აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (11,3 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რამაც 1,15 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16,7 პროცენტით, რაც 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.