ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-მა ყოველწლიური კვლევის შედეგები „ხელისუფლება ერთი შეხედვით“ გამოაქვეყნა.
კვლევა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის საკუთარი ხელისუფლებისადმი ნდობის რეიტინგს ასახავს.
წლევანდელ რეიტინგში პირველ ადგილზეა ინდოეთი, სადაც აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 73% საკუთარ ხელისუფლებას ენდობა. ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება სხვა ქვეყნების, მათ შორის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. მაგალითად, საბერძნეთში განვითარებული სხვადასხვა პროცესების გამო, ეს იქნებოდა საიმიგრაციო პოლიტიკა თუ არჩევნები, ამ ქვეყნის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია - მხოლოდ 13%. ასევე ძალიან მწირი იყო ნდობა სამხრეთ კორეის ხელისუფლებისადმი, რომლის პრეზიდენტი პარკ გეუნ-გი იმპიჩმენტის წესით გადააყენეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სკანდალები და ბრალდებები რუსეთთან შეთქმულებაზე ჯერ კიდევ თან სდევს თეთრ სახლს, მოსახლეობის მხოლოდ 30% ენდობა საკუთარ ხელისუფლებას. დიდ ბრიტანეთში, რომელიც ევროკავშირს ეყრება, ხელისუფლებისადმი ნდობა მოსახლეობის 41%-ს აქვს. რუსეთსა და თურქეთში პუტინისა და ერდოღანის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის ინდექსი 58%-ია. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს კანადას, სადაც ჯასტინ ტრუდოს მთავრობას 62%-იანი ნდობა აქვს.
კოკა კვირკველია