მიხეილ გიორგაძე - check in georgia-ს ღონისძიებებს რამდენი უცხოელი ტურისტი დაესწრო, ვერც ერთი უწყება ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით

check in georgia-ს ღონისძიებებს რამდენი უცხოელი ტურისტი დაესწრო, ვერც ერთი უწყება ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით , - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ გიორგაძემ კომენტარი გააკეთა საია-ს კვლევასთან დაკავშირებით.

მიხეილ გიორგაძის თქმით, საია-ს კომპეტენციაში მას არ სურს ეჭვი შეიტანოს, მაგრამ ეჭვობს იმას, რომ ეს ყოველივე პირად დამოკიდებულებაში გადავიდა.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციის კომპეტენციაში არ მინდა ეჭვი შევიტანო, მაგრამ ვეჭვობ იმას, რომ ეს პირად დამოკიდებულებაში გადავიდა საია-ს მხრიდან და რაღაც ჩასაფრების რეჟიმში მოქმედებენ. უკვე მესამედ მოუწიათ მათ საკუთარი სარჩელის გამოტანა-გამოთხოვნა სასამართლოდან ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არასერიოზულია და არ ეკადრებათ მათ. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებმა გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს. გაუგებარია, რა მეთოდოლოგიით ითვლიან იმ უცხოელი ტურისტების რაოდენობას, რომელიც ამ ღონისძიებებს დაესწრნენ. ზოგადად, უცხოელი ტურისტების ზრდასთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ ზუსტი და მრავლისმთქმელი ციფრები ტურიზმის დეპარტამენტიდან აიღოთ”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

Check in Georgia-ს სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს 49 ქვეყანაში სულ 2 958 ბილეთი გაიყიდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების მხოლოდ 5.23%-ია და შესაბამისად, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ Check in Georgia უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა, - ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კვლევაშია აღნიშნული, რომლის პრეზენტაციაც საია-ს ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა სულხან სალაძემ გამართეს.