მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 578 ერთეული შეადგინა, რაც მაისის თვის მონაცემზე 5.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივნისში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 97.8% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.2% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
2017 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 22.7%-ით შემცირდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.4%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 36.9%-ით შემცირდა.
ამავე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 99 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 13 კოოპერატივი, 12 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 8 სააქციო საზოგადოება და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი 1 922 ბიზნეს სუბიექტი თბილისში, ყველაზე ცოტა 62 ერთეული კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა.