ბაზარზე დაახლოებით 4-5 თვეა გამოჩნდა ქართული ინტერნეტ პლატფორმა, რომელიც ციფრული ანალიტიკისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
Metric.ge ელექტრონული აუქციონების სახით, მომხმარებელს საქართველოში უპრეცედენტო მომსახურებას შესთავაზებს.
უფრო დეტალურად სტარტაპის ისტორიაზე, პროდუქტებსა და სამომავლო გეგმებზე - „ბიზნესპრესნიუსს“ იდეის ავტორი ტატო ნორაკიძე ესაუბრა.
„ჩვენი კომპანია ბაზარზე დაახლოებით 4-5 თვეა გამოჩნდა. თავდაპირველად პლატფორმა პირადი გამოყენებისთვის შევქმენი, თუმცა როდესაც მივხვდი, რომ „მეტრიკი“ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს ყოველდღიურ რუტინას გაუმარტივებდა, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზებაც გადავწყვიტე.
- რატომ ციფრული მარკეტინგი?
- ამ სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ვმუშაობ და იმის გამო, რომ ყოველდღიურ საქმიანობას დიდი დრო მიჰქონდა, გადავწყვიტე ყველაფერი ერთიან ავტომატიზებულ სისტემაში მომექცია. საფრანგეთში ვიყავი კრეატიულობის ფესტივალზე და სწორედ იქ მომივიდა იდეა გამეკეთებინა პროგრამა, რომელიც უფრო მეტ გამჭვირვალობას შემოიტანდა ბაზარზე.
- რამდენად კონკურენტულია ციფრული მარკეტინგის ბაზარი და რამდენად მარტივია თავის დამკვიდრება?
- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ციფრული მარკეტინგი ახლა იკიდებს ფეხს. ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია, თუმცა, კონკურენტებად ვერ აღვიქვამ. ჩვენი მთავარი უპირატესობა ის უნიკალური პროდუქტებია, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ.
- რა მომსახურებასა და მარკეტინგულ ინსტრუმენტებს სთავაზობს „მეტრიკი“ მომხმარებელს?
- metric.ge არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს ყველაფრის გამარტივებასა და ეფექტურად გაკეთებაში ეხმარება. პლატფორმა მომხმარებელს რამდენიმე მარკეტინგულ ინსტრუმენტს სთავაზობს:
ქართული საიტების რეიტინგი - ბაზარზე ფაქტობრივად არ არსებობდა საიტების რეიტინგი, რაც „მეტრიკმა“ უცხოელ პარტნიორთან ერთად შექმნა.
მედია დაგეგმარება - მეტრიკში მედიადაგეგმარების გაკეთება მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმეს მარკეტინგის სპეციალისტებს, რადგან მათ აღარ მოუწევთ, ექსელის ფაილში წვალება.
„მეტრიკის“ ერთ-ერთი მიმართულებად იქცა ასევე ციფრული მარკეტინგის სპეციალისტების გაზრდა. ჩამოყალიბებული კადრი ბევრი არ არის საქართველოში. ხოლო ვინც პროფესიონალია ის წამყვან კომპანიებშია დასაქმებული. ამიტომ „მეტრიკი“ ეხმარება ციფრული მარკეტინგით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარებასა და სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.
ამასთან, ჩვენი პლატფორმის საშუალებით პრობლემას აღარ წარმოადგენს რომელიმე საიტზე ჩვენებების ყიდვისას იმის ნახვა, თუ რამდენი ჩვენება ჰქონდა რეალურად. მაგალითად, მომხმარებელს რომელიმე საიტზე ბანერის განთავსებისას, „მეტრიკის“ საშუალებით შეეძლება ფაქტობრივად „ლაივ რეჟიმში“ ნახოს, თუ რამდენი ჩვენება, რამდენი „კლიკი“ ჰქონდა ბანერს.
- რამდენად არის ციფრულ მარკეტინგზე მოთხოვნა და რამდენად ხელმისაწვდომია
- ციფრულ მარკეტინგზე მოთხოვნა დიდია. ჩვენს მომსახურებას უკვე დაახლოებით, 50-მდე კომპანია იყენებს აქტიურად. ამასთან, მონაწილეობას ვიღებთ „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“, რომლის ორ ნომინაციაში - „წლის სტარტაპერი“ და „წლის ინოვაციური ბიზნესი“, ვართ წარდგენილი. რაც ვფიქრობ, ჩვენი ბრენდის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის დაა კლიენტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, მომსახურება ცოტა ძვირია, მაგრამ მომხმარებელს 1-თვიან, 3-თვიან, 6-თვიან და 1-წლიან პაკეტებს ვთავაზობთ. შესაბამისად ვეცადეთ თითოეულზე ისეთი ფასი დაგვედო, რომ მისი გადახდა შეძლებოდა როგორც დამწყებ ბიზნესს, ასევე დიდ კომპანიას.
- როგორია metric.ge-ს სამომავლო გეგმები?
- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა დაახლოებით 1 წელში პლატფორმა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავიტანოთ. გარდა ამისა, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ელექტრონული აუქციონის მოდულზე, რომელიც დაახლოებით 1-2 თვეში გაეშვება. ეს იქნება პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა, რადგან ასეთი მომსახურება საქართველოში არ არსებობს. კერძოდ, ელექტრონული აუქციონი საშუალებას მისცემს მომხმარებელს ონლაინ თუ გარე განთავსების ადგილები შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. მაგალითად, ტოპ-საიტებს აქვთ მილიონობით ჩვენება, მაგრამ საიტზე განთავსების ადგილების გაყიდვა სრულად ვერ ხდება, ასევე ბევრი ადგილია მეტროში, ქუჩებში ბილბორდებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ამ ადგილების ელექტრონულ აუქციონზე გატანას ვგეგმავთ.