”ეძღვნება ყველა წარმატებულ ლიდერს, რომელთაც სურთ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და მიაღწიონ კიდევ უფრო მეტს”.
სიახლეებით სავსე ცხოვრება, ახალი მიზნები და ამ მიზნისკენ მიმავალი გზები - სწორედ ამ თემებს მოიცავს მარშალ გოლდსმითის წიგნი ”ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება". ”წიგნი, რომელიც მსოფლიო ბესთსელერია და უამრავი ლიდერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამაგიდო წიგნად მიიჩნევს, ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” თარგმნა.
”უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი,” - ასე ფიქრობს წიგნის ავტორი მარშალ გოლდსმითი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ბიზნესმოაზროვნე, მენეჯმენტისა და ლიდერობის ტრენერი, რომელთან მუშაობის ფასი ექვსნიშნა რიცხვს სცდება. Wall Street Journal-მა იგი კომპანიების ტოპ მენეჯმენტისთვის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა.
წიგნით ”ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება” ბიზნესსამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მკითხველს საშუალებას აძლევს, დეტალურად გაეცნოს და პრაქტიკაში განახორციელოს მის მიერ შემუშავებული მეთოდები. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელშიც გოლდსმითი წარმატების თანმდევ ფუნდამენტურ პრობლემებს განიხილავს. ის გამოყოფს 20 ძირითად ქცევასა და ჩვევას, რაც წარმატებულ ლიდერებს შემდგომი მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. ავტორი გვთავაზობს ინტერპერსონალური განვითარების შვიდსაფეხურიან მეთოდს, რომელიც ლიდერებს კიდევ უფრო დიდი წარმატებისკენ გზის გაკვალვაში დაეხმარება.
წიგნს და მის ავტორს დადებითად აფასებენ უცხოურ მედიაში. ”ლიდერობის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი გავლენიანი პრაქტიკოსი,” - წერს Forbs მარშალ გოლდსმითის შესახებ. წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ბიზნესსაზოგადოებაშიც. ბიზნესკონსულტანტი გუგა კობახიძე აღნიშნავს, რომ წიგნი ყველას გამოადგება ცხოვრების ახალი მიზნების მიღწევაში და ის მხოლოდ ლიდერებისთვის არაა განკუთვნილი.
”წიგნი საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივად რაღაცის მიღწევა და შეცვლა უნდა საკუთარ ცხოვრებაში, ვისაც დიდი გეგმები აქვს. სწორედ ამ გეგმების განხორციელებაში ეხმარება. მართალია, ეს ბიზნესლიტერატურაა, მაგრამ ის გათვლილია ყველა სახის მკითხველზე, რადგან გეგმები ყველა ადამიანს გააჩნია. ცხოვრების სხვადსახვა ეტაპზე ყველას უწევს გარკვეული სახის ლიდერობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველას გამოადგება როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში. მასში მოცემული ძალიან პრაქტიკული რჩევები ადამიანებს ეხმარება, განვითარდნენ, იყვნენ უკეთესები და განახორციელონ გეგმები. ძალიან საინტერესოა მისი ავტორიც - მარშალ გოლდსმითი, რომელსაც ამ სფეროში 40 წლიანი გამოცდილება აქვს,” - ამბობს გუგა კობახიძე.
წიგნი მსოფლიო ბესტსელერია, თუმცა მნიშვნელოვანი იყო ქართულ ენაზე მისი სწორი და ადეკვატური თარგმნა. გამომცემლობამ ამ საკითხს დიდი ყურადღება მიაქცია და კონსულტანტად განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ტრენინგის საკითხებში, უფროსი ტრენერ-კონსულტანტი ლელა აბდუშელიშვილი აირჩია.
”ჩემი ამოცანა გახლდათ დამეზუსტებინა, ქართულ ვარიანტში რამდენად ზუსტად იყო ჩამოყალიბებული ნიუანსები და მკითხველისთვის რამდენად გასაგებ ენაზე იყო ახსნილი ყველა ის თეორიული თუ შინაარსობრივი მხარე, რასაც სახელმძღვანელო მოიცავს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აზრის გადმოცემის თვალსაზრისით მთელი ნაშრომი საკმაოდ ხარისიხანადაა შესრულებული. მნიშვნელოვანი ნიუანსია ტერმინოლოგიის მხარე. ბიზნესტერმინოლოგია საქართველოში ბოლო წლებში შემუშავდა. ამიტომ ის სტანდარტიზაციას და საბოლოო სახის მიცემას მოითხოვდა. ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა სტანდარტიზაცია. ლიდერობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნამდვილად კარგი სამაგიდო წიგნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მათთვისაა, ვინც ბიზნესლიტერატურის ინგლისურ ენაზე წაკითხვას უცხო ენის სათანადო დონეზე ცოდნის გამო ვერ ახერხებს,” - ამბობს წიგნის კონსულტანტი ლელა აბდუშელიშვილი.
პროექტი „ლურჯი ოკეანე“, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული წიგნი გამოიცა, არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა მარკეტინგული ომები, ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ და„გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“ და სხვა.
sponsored by ContentRoom