ფისკალური რეფორმების ექვსი თვის შედეგების თანახმად, მაისში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 39%; ენერგეტიკა - 13%; მშენებლობა - 10% ფინანსური სექტორი - 8%; დამამუშავებელი მრეწველობა - 7%; სასტუმრო და რესტორნები - 6.7%; უძრავი ქონება - 4%; სხვა სექტორები - 12%.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ევროკავშირი - 27%; რუსეთი - 9.8%; თურქეთი - 8.2%; ჩინეთი - 8.0%; ბულგარეთი - 7.9%; აზერბაიჯანი - 7.3%; სომხეთი - 7.1%; გერმანია - 4%; სხვა ქვეყნები - 47.7%. საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: სპილენძი - 15%; ფეროშენადნობი - 8%; თხილი - 8%; ავტომობილები - 8%; ღვინო - 5%; მედიკამენტები - 5%; სპირტიანი სასმელები - 4% ; სხვა - 46%.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საბიუჯეტო შემოსავლების დინამიკაზე და აღნიშნა, რომ იანვარ-ივნისში ნაერთი ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია 4.748 მლნ ლარი, ზრდამ, წინა წელთან შედარებით, შეადგინა 14.2%, გადასახდელებმა - 5.841 მლნ ლარი და წინა წელთან შედარეაბით, 11.7%-ით გაიზარდა.
„ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში (პირველი სავადო), წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით - ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143.8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269.7 მლნ ლარით (30.9 პროცენტით) აღემატება“,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.