დიმიტრი ქუმსიშვილი - ონლაინ სისტემაში ჩაერთვება ყველა ტრანზაქცია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ახორციელებს

ონლაინ სისტემაში ჩაერთვება ყველა ტრანზაქცია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ახორციელებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ონლაინ კაზინოების რეგულაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს.

,,პირადად ჩემი დამოკიდებულება არის შემდეგი, რომ ჩვენ სწორი ადმინისტრირება უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მცირეწლოვან მოსახლეობაზე, ახალგაზრდებზე. მე მგონი ამაზე ყველა სოლიდარულები ვართ, რომ ასაკი აიწევს ალბათ, 18 წლიდან 21 წლამდე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე მიმართულებაა ის, რომ ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი ოჯახის წევრები, ”რომლებიც ამ დაავადებით არიან დაავადებულები”, შეზღუდონ თამაშის ნაწილში და ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ.

ქუმსიშვილის განცხადებით, მესამე მიმართულებაა საგადასახადო ადმინისტრირება.

,,საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით, ჩვენ 400%-ით გავზარდეთ შემოსავლები მთლიანად სათამაშო ბიზნესიდან და 100 მილიონზე მეტს აღწევს დღეს სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლები", - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით ადმინისტრირება კიდევ უფრო წინ წავა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება.

მისივე თქმით, ონლაინ სისტემაში ჩაერთვება ყველა ტრანზაქცია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ახორციელებს.