ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი კომპანია ან დაჯარიმებულა, ან შესაბამისი უძრავი ქონება ჩამორთმევია , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხდება თუ არა იმის კონტროლი, რამდენად ასრულებს ესა თუ ის კომპანია სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში აღებულ საინვესტიციო ვალდებულებებს.
,,თუ კონკრეტული აქტივი სახელმწიფო საკუთრებიდან რაიმე ვალდებულებით გადაეცემა კონკრეტულ იურიდიულ პირს, რა თქმა უნდა, ხდება ამ ვალდებულებების შესრულების კონტროლი. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი კომპანია ან დაჯარიმებულა, ან შესაბამისი უძრავი ქონება ჩამორთმევია. რა თქმა უნდა, ასეთი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, თუ სახელმწიფო რაიმე აქტივს გადასცემს კონკრეტულ იურიდიულ პირს გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, მათი შესრულება კონტროლდება", - განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, რა ღონისძიებები გატარდა კომპანია ,,კონტრაქტ ვიჟენთან" მიმართებაში, მინისტრის განცხადებით, ,,კონტრაქტ ვიჟენს" აქტივი უკვე ჩამოერთვა და ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში.
,,მას ასევე საბანკო გარანტია, რომელიც ამ ვალდებულებების შესრულებისთვის ჰქონდა შემოტანილი, ჩამოეჭრა სახელმწიფოს სასარგებლოდ", - განაცხადა გახარიამ.