დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა.
„ეს არის შეხვედრა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შევაჯამოთ ჩვენი ეკონომიკის 6 თვის შედეგები, ასევე, ვისაუბროთ იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივა, კონკრეტული ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის წახალისებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ვიმსჯელოთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომლებზეც ჩვენმა ელჩებმა უკვე იმ ქვეყნებში დაბრუნებისას უნდა ისაუბრონ, სადაც ისინი მსახურობენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და არის კონკრეტული შედეგები, ქვეყნები, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოდის.
„გარდა ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, წარმოდგენილია ახალი მოდელი, რომელშიც საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები და საპარტნიორო ფონდი ახლებურად უდგებიან ექსპორტის წახალისებას, ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, ამ მიმართულებამ უნდა იმუშაოს. საელჩოების ჩართვა, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ინვესტიციების, ისე ექსპორტის ზრდას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.