„მთის კანონის“ თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები დამატებით შეღავათებს მიიღებენ. ასევე, დამატებით შეღავათებს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც აღნიშნული კანონის თანახმად, თავისუფლდებიან მთელი რიგი გადასახადებისგან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 250-მა კოპანიამ ისარგებლა უკვე 2016 წლის 1-ელი იანვრიდან მოყოლებული ამ შეღავათებით და ვფიქრობ, ეს კანონი მნიშვნელოვანწილად შეცვლის ცხოვრების დონეს ჩვენს მთიან რეგიონებში არა მხოლოდ მოსახლეობის იქ დამაგრების კუთხით. ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი დაბრუნდება და ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება, რაც ძალიან მახარებს და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.